კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიის - "ოქროს პალმის რტოს" ორგზის მფლობელი ჟან-პიერ და ლიუკ დარდენები ევროპული კინოს ნამდვილი კლასიკოსები არიან, რადგან სწორედ მათი წყალობით გაიცნო მსოფლიომ ბელგიური კინემატოგრაფია და თანამედროვე ბელგიის რეალური ცხოვრება, რომელიც ნაკლებად ტირაჟირდება წარმატებული ქვეყნის ფონზე. მართალია, ზოგჯერ დარდენების ნამუშევრები, რომლებიც მეტწილად სოციალურ უთანასწორობაზე, უსამართლობასა და კაცთმოძულეობაზე მოუთხრობენ მაყურებელს, ზედმეტად მონოტონურია და პრიმიტიულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ყურადღებით ნახვისას ერთი შეხედვით მარტივი ფილმები ღრმად ფილოსოფიურ და გლობალურ შინაარსს იძენენ.
სტანდარტულ შეკითხვას, რომელია ძმებს შორის მთავარი, დარდენები სტანდარტულადვე პასუხობენ და ირწმუნებიან, რომ ვალდებულებებსაც თანაბრად ინაწილებენ და უფლებებიც თანასწორი აქვთ. ძმები ყოველთვის ცხარედ კამათობენ სცენარზე, თუმცა, აუცილებლად ერთად არჩევენ მომავალი ფილმის ლოკაციებს და კოლექტიურად მართავენ მომქანცველ რეპეტიციებს მსახიობებთან ყველა დეტალის დასაზუსტებლად. მონაცვლეობით ხელმძღვანელობენ ძმები გადაღებებსაც, როცა ჯერ ერთი გასცემს განკარგულებებს გადასაღებ მოედანზე, მეორე კი, მონიტორზე ადევნებს თვალს მის მუშაობას, მერე კი, ერთმანეთს ენაცვლებიან.
სათავეს დარდენების კინემატოგრაფია ნეორეალიზმიდან იღებს, რადგან სწორედ 1950-იანი წლების იტალიური კინოს პრინციპებით ხელმძღვანელობენ ძმები მუშაობისას. დარდენების ფილმებში იშვიათად მონაწილეობენ ვარსკვლავები, პირიქით, მათი პერსონაჟები ყოველთვის არაიდეალური, თუმცა საოცრად ბუნებრივი, უშუალო და სუსტი ადამიანები არიან. გამონაკლისად მხოლოდ ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიონ კოტიარი შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა დრამაში „ორი დღე და ერთი ღამე“, თუმცა წელში მოხრილი სიარულის მანერის და მუდამ დამფრთხალი მზერის, გახუნებული ჯინსის შარვლისა და მაისურის წყალობით, დარდენებმა ერთიანად დაუკარგეს მსახიობს ვარსკვლავური სტატუსი.
მეტიც, დარდენების ფილმებში ყველაფერი ნამდვილი და ნატურალურია - თუ მსახიობი ვაფლს ამზადებს, ისე, როგორც ემილი დეკიენის პერსონაჟი დრამაში „როზეტა“, ის ყოველთვის კლასიკური ბელგიური რეცეპტით მზადდება, იმ შემთხვევაში კი, თუ ოლივიე გურმეს მსგავსად მსახიობი დურგალს განასახიერებს, ის აუცილებლად პროფესიონალურად ერკვევა სადურგლო საქმის ყველა ნიუანსში.
შთაგონებად დარდენებისთვის მშობლიური ქალაქი - ბელგიურ დეტროიტად წოდებული ინდუსტრიული სერენი იქცა, რომლის მოსახლეობა მეტწილად ფაბრიკებშია დასაქმებული. 1970-იან წლებში დოკუმენტური კინოთი დაწყებული კარიერა 1990-იანების ბოლოს ძმებმა მხატვრული კინოთი გააგრძელეს, როცა დრამა „დაპირება“ გადაიღეს და პრესტიჟულ პრემიებთან ერთად მსოფლიო აღიარებაც მოიპოვეს.
ფილმებს შორის ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, დარდენების შემოქმედების მთავარ თემებად მაინც მამისა და შვილის ურთიერთობის, დაბალი სოციალური ფენის ბელგიელთა მძიმე ყოფის და არალეგალ ემიგრანტთა ცხოვრების აღწერა იქცა, რასაც მოგვიანებით უმუშევრად დარჩენის შიშისა და ინდივიდუალური უპასუხისმგებლობის თემები დაემატა ფილმებში „ორი დღე, ერთი ღამე“ და „უცნობი ქალი“. მართალია, ერთი შეხედვით დარდენების ფილმები კრიმინალურ საქმეში ჩათრეული ან სამუშაოდაკარგული, ცხოვრებისგან გარიყული ევროპელების ცხოვრებას აღწერენ, მაგრამ სინამდვილეში მათი პერსონაჟები არა მხოლოდ არსებობისთვის, არამედ ბევრად მეტისთვის - ადამიანად ყოფნის უფლებისთვის იბრძვიან. მაგალითად, დრამის „დაპირება“ მთავარი გმირი - სკოლის მოსწავლე იგორი, რომელიც ფილმის შესავალშივე ჰპარავს საფულეს მოხუც ქალს, მერე კი მამას ეხმარება არალეგალური ბიზნესის დაფარვასა და მკვლელობის მდუმარე მოწმე ხდება, ზნეობრივ ტრანსფორმაციას მხოლოდ მომაკვდავი არალეგალი ემიგრანტისთვის მიცემული დაპირების შემდეგ განიცდის, როცა მის ოჯახზე ზრუნვის ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე.
სიბრალულის გრძნობა ტანჯავს ლორნასაც ფილმიდან „ლორნას მდომარება“, რომელიც მართალია, სინდისის ქენჯნის გარეშე ჩაება ფიქტიური ქორწინების მაქინაციაში, მაგრამ მაინც მორალურ დისკომფორტს განიცდის მეუღლის - პრაქტიკულად უცნობი ადამიანის გარდაცვალების გამო.
პესიმიზმისა და თანამედროვე საზოგადოებაში იმედგაცრუების მიუხედავად, დარდენები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან მათი ფილმების პერსონაჟები - მძიმე ცხოვრებით გაბოროტებული ადამიანები საბოლოოდ მაინც სიკეთეს ირჩევენ და თანაგრძნობის, ზნეობის სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს.
დარდენების მთავარი იარაღად, რომლითაც უშუალო კონტაქტს ამყარებენ მაყურებელთან და მას ეკრანზე მიმდინარე მოვლენების მონაწილედ აქცევენ - ხელის კამერა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც დოკუმენტური რეპორტაჟის მსგავსად ყველგან თან სდევს ფილმის გმირებს. მართალია, ბევრი თვლის, რომ ხელის კამერით მუშაობა „დოგმა-95“-ის შემდეგ დამკვიდრდა ევროპულ კინოში, მაგრამ ძმები ირწმუნებიან, რომ სწორედ მათგან ისესხა ლარს ფონ ტრიერმა სავიზიტო ბარათად ქცეული გადაღების მანერა.
კოლეგებისგან განსხვავებით, ვინც ირონიას მაყურებელთან პირდაპირ საუბრისგან თავის ასარიდებლად იყენებს, დარდენები იშვიათად მიმართავენ გამოხატვის მსგავს ფორმას, რადგან ყოველთვის გულწრფელად ინტერესდებიან საკუთარი პერსონაჟებითა და იმ გარემოთი, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.
სამსახური და შემოსავალი - ის სოციალური კლიშეებია, რომლებიც სტაბილურობის, სიმშვიდისა და კეთილდღეობის გარანტიად ითვლება თანამედროვე საზოგადოებაში. სწორედ ამგვარი კლიშეების გამოყენებით აგებენ ძმები საკუთარი ფილმების დრამატურგიას, პერსონაჟებს კი, თავგანწირული და გაუაზრებელი მოქმედებისკენ უბიძგებენ. სამსახურის დაკარგვა ან პერსპექტიული სამუშაოს ხელიდან გაშვება დარდენის გმირებისთვის დაღუპვის ტოლფასია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ფინანსების სიმცირე აიძულებთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ძარცვასა და ქურდობას დარდენების თითქმის ყველა ფილმში, მოკლემეტრაჟიანი ნოველის „წყვდიადში“ ჩათვლით, რომელიც ერთგვარ ალმანახში „ყველას თავისი კინო აქვს“ მოხვდა.
„საკვები, სასმელი, საცხოვრებელი და ეკონომიკური ცხოვრება, რომელმაც ზნეობრივი ანუ სულიერი ცხოვრების ადგილი დაიკავა. ზუსტად ამ თემებს განიხილავს „როზეტა“, - აღნიშნეს ძმებმა, რომელთაც სწორედ ახალგაზრდა გოგონას მძიმე ყოფაზე შექმნილმა დრამამ მოუტანა პირველი „ოქროს პალმის რტო“ 1999 წელს. თუმცა, როზეტა, რომელიც იძულებულია აიტანოს ალკოჰოლიკი დედა და იკვებოს საკუთარი ხელით დაჭერილი თევზით, ძველმანების მეტი არაფერი აბადია და გროშების სანაცვლოდ თანხმდება ნებისმიერ სამუშაოს, არა იმდენად უკეთესი ცხოვრებისთვის, რამდენადაც საკუთარ თავში ადამიანის შენარჩუნებისთვის იბრძვის. აღსანიშნავია, რომ სოციალური თემები და მათი მთელი სიმკაცრით, შელამაზების გარეშე განხილვა, რამაც მეორე სიცოცხლე აჩუქა ევროპულ სოციალურ კინოს, დღეს დარდენების შემოქმედების მთავარ ფორმულად ითვლება.
ბელგიელ ძმებს ზუსტად სამი წელი სჭირდებათ თითოეული პროექტის განსახორციელებლად, რაც ტრადიციულად ჩანაფიქრის განხილვით იწყება და გადასაღებ მოედანზე კოლექტიური მუშაობით სრულდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე რეჟისორებს შორის ცოტა თუ დაიკვეხნის წარმოების იმ სიმკაცრითა და დეტალურად გაწერილი გრაფიკით, რომელსაც ძმები თითქმის 30 წელია ინარჩუნებენ. გამონაკლისს მხოლოდ დრამა „უცნობი ქალი“ წარმოადგენს, რომელიც დარდენებმა მათთვის რეკორდულ დროში - ორ წელიწადში გადაიღეს, თუმცა, საკმაოდ ძვირად დაუჯდათ მსგავსი აჩქარება, რადგან 2016 წელს კანის კინოფესტივალზე გულგრილად მიღებული ფილმის თავიდან დამონტაჟება, ქრონომეტრაჟის 7 წუთით შემცირება და სერიოზული სიუჟეტური ცვლილებების შეტანა მოუხდათ.
ტიპაჟის, ფაქტურისა და უბრალოდ ადამიანური თვისებების წყალობით მოწონებულ მსახიობთან დარდენები წლების მანძილზე, ფილმიდან ფილმში თანამშრომლობენ. სწორედ ასე დაიმეგობრეს ოლივიე გურმე, რომელიც ძმების ყველა ფილმში გამოჩნდა და ერთგვარ „თილისმად“ იქცა. არ ჩამორჩნენ გურმეს არც ფაბრიციო რონჟონე, რომელმაც ექვს ფილმში მიიღო მონაწილეობა და ჟერემი რენიე - დარდენების ხუთ ფილმის მთავარი გმირი. უარს ამბობენ ძმები ოპერატორის - ალენ მარკოენთან დაშორებაზეც, რომელიც 1996 წელს, ფილმის „დაპირების“ გადაღებაზე გაიცნეს და პრაქტიკულად საკუთარი ოჯახის წევრად აქციეს. მეტიც, თავად მარკოენი ხშირად ხუმრობს, რომ სამი ათეული წლის მანძილზე გარეგნობითაც ძმებს დაემსგავსა, ამიტომ არ უკვირს, როცა ბევრს ისიც დარდენი ჰგონია.
მოკლედ გაპარსული და სიმელოტემდე შეთხეებული, უკან გადაწეული, კუდში შეკრული და სარჭით აწეული, გრძელი და მოკლე, ღია და მუქი ფერის თმა - დარდენების ფილმებში თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ვარცხნილობის მოძიება და პერსონაჟის კეფის პრაქტიკულად დეტალებში შესწავლა, რადგან სწორედ ზურგის ხედებს ანიჭებენ ძმები უპირატესობას, რაც მარკოენს მუდმივად პერსონაჟების კუდში დევნას აიძულებს, ისე თითქოს უფრთხის შემთხვევით ვინმემ არ შეამჩნიოს.ზურგის პლანებსა და უჩვეულო რაკურსებთან ერთად დარდენები ე.წ. „თვალის არიდების“ მეთოდსაც საკმაოდ ხშირად მიმართავენ, როცა პერსონაჟები ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრას გაურბიან. მაგალითად, ფილმში „ლორნას მდუმარება“ ლორნა მაქსიმალურად ერიდება ფიქტიურ მეუღლესთან ურთიერთობას, რადგან იცის, რომ ერთი შეხედვაც საკმარისი იქნება ყალბი ქორწინების დასანგრევად, როზეტას, რომელმაც მეგობარს უღალატა, საკუთარი ზნეობრივი კოდექსი არ აძლევს რიკესთვის თავლის გასწორების უფლებას, ბავშვთა ცენტრში დატოვებული სირილი ფილმიდან „ბიჭი ველოსიპედით“ კი, მამასთან ნატრობს შეხვედრას, რომელიც მაქსიმალურად გაურბის საკუთარ შვილს, რადგან სითამამე არ ჰყოფნის უთხრას, რომ სამუდამოდ მიატოვა.
პერსონაჟების პირისპირ შეხვედრა დარდენებისთვის ყოველთვის საკუთარ სინდისთან შეჯახებას ნიშნავს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებენ კლაუსტროფობიული კადრებით, უსაშველოდ გრძელი პლანებით და გამაღიზიანებელი კადრსმიღმა ხმაურით. მართალია, თავისუფლების მოპოვება დარდენების პერსონაჟებს დანაშაულის აღიარებით და ანტაგონისტისთვის თვალებში ჩახედვით შეუძლიათ, მაგრამ მსგავსი შანსით ნაკლებად სარგებლობენ.
ფილმის „ბიჭი ველოსიპედით“ განხილვისას ლიუკ დარდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამისგან მიტოვებული და ნდობადაკარგული სირილი მართლაც ყველას გაურბის, რადგან სწორედ ასე ცდილობს გათავისუფლებას. მართალია, უფროსები თავად ცდილობენ პირველი ნაბიჯის გადადგმას და დახმარებას, მაგრამ ის მაინც გარბის, რითაც ყველას აღიზიანებს. სირილი ყვირის, იკბინება და ბრაზობს, რადგან თვითონ სტკივა და სხვისთვისაც ტკივილის მიყენებას ცდილობს.
სწორედ უმართავი ბავშვია უფროსების ერთი შეხედვით გაწონასწორებული, თუმცა საოცრად ყალბი, მათივე მოგონილი და ნორმად ქცეული რიტუალებით დამძიმებული სამყაროს მთავარი საფრთხე. ბავშვია დარდენების მთავარი გამოწვევა და გამაღიზიანებელი ფაქტორიც, რადგან ყველა ფილმში ჩნდება, პირველი გადადის შეტევაზე და მოურიდებლად ესხმის თავს უფროსებს, რათა გამოაფხიზლოს და სტერეოტიპებით ცხოვრებაზე უარის თქმა, სპონტანურად მოქმედება აიძულოს. ამასთანავე, სწორედ ბავშვია ის ბუნებრივი პროვოკატორი, რომელიც არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტს განავითარებს, არამედ გმირებსაც უბიძგებს ზნეობრივი გარდასახვისკენ.
მართალია, დარდენებმა შემოქმედების დასაწყისშივე თქვეს უარი საუნდთრეკის გამოყენებაზე, მაგრამ მუსიკა, რომელიც ყოველთვის ბუნებრივად ჟღერს, მაინც შეინარჩუნეს. ფილმში „დაპირება“ მამა-შვილი ჯო დასენის ცნობილ სიმღერას Siffler sur la colline მღერის კარაოკე-ბარში, „ლორნას მდუმარებაში“ კი, კლოდი მუდმივად როკს უსმენს, რაც საშინლად აღიზიანებს მის ფიქტიურ მეუღლეს. კადრს მიღმა მუსიკა დარდენებმა პირველად ფილმში „ბიჭი ველოსიპედით“ გააჟღერეს, როცა საყვარელი კომპოზიტორის - ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი გამოიყენეს ფონად და მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვიეს.
მსოფლიო აღიარებისა და დიდებისკენ გზა დარდენებს „როზეტამ“ გაუხსნა, რომელმაც კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა, იმავე პრემიით აღინიშნა ექვსი წლის შემდეგ „ბავშვიც“, „ბიჭმა ველოსიპედით“ კი, გრან-პრი დაიმსახურა. მართალია, 2015 წელს დარდენები ამერიკულმა კინოაკადემიაც შეამჩნია და „ოსკარის“ ნომინაციაზე მარიონ კოტიარი წარადგინა ფილმით „ორი დღე, ერთი ღამე“, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯულიანა მურს მიანიჭა უპირატესობა ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის ფილმში „ჯერ ისევ ელისი“.
ამერიკელების გულგრილობის მიუხედავად, ძმებს ევროპელები სწყალობენ. სწორედ დარდენებს მიიჩნევენ ბელგიელი კრიტიკოსები საკუთარ ფავორიტად, ფრანგებმა კი ოთხჯერ დააჯილდოვეს ლუმიერის პრიზით და რობერ ბრესონის პრემიით აღნიშნეს მთელი მათი შემოქმედება.