ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების მთავარ დაპირისპირებად მონათლული შეხვედრა „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის მიუნხენელთა სრული დომინირებით დასრულდა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა პარიზელებს შინ 2:0 მოუგო და ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნა.
პარიზელებს პირველ ტაიმში იან ზომერის შეცდომის მომენტში გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა ვიტინიამ ხეირიანად ვერ დაარტყა და დე ლიხტმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლო.
ამის შემდეგ, „ბაიერნმა“ თამაშზე კონტროლი დააწესა და მეტოქისთვის შანსი აღარ მიუცია. 61-ე წუთზე ვერატის შეცდომის შემდეგ, ჩუპო-მოტინგმა გაიტანა. 89-ე წუთზე კი ლამაზი კონტრშეტევა გნაბრიმ დააგვირგვინა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ამრიგად, პსჟ ჩემპიონთა ლიგას მორიგი უსახური თამაშის შედეგად ემშვიდობება. „ბაიერნი“ კი ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ტურნირზე სვლას აგრძელებს.