საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ისევ აკავებენ. სამართალდამცავებს ტერიტორიიდან ის პირები გაჰყავთ, რომლებმაც რუსთაველის გამზირი, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად არ დატოვეს და ადგილზე დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის კიდევ ერთხელ გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეების ნაწილი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ისევ ბრუნდება. შესაბამისად, რამდენიმე წუთის წინ გაწმენდილი გამზირი კვლავ აქციის მონაწილეებით ივსება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშლას არ აპირებენ. ისინი სკანდირებენ: „საქართველო" და "წადი".
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ცრემლსადენი გაზის სისტემატურად გამოყენების გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კვამლშია გახვეული, გაძნელებულია სუნთქვა.