ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩისა და საერთაშორისო საკითხებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძის მიერ ხელისუფლების მიმართულებით გახმოვანებულ ორივე მოთხოვნას ეთანხმება.
ამასთან, როგორც ნატალი საბანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი თავისუფალ საზოგადოებაზე პირდაპირი დარტყმაა.
„ჩემი აზრით, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. გიორგი ვაშაძის გახმოვანებულ ორივე მოთხოვნას ვეთანხმები, მაგრამ არ ვიცი, ერთსაათიანი ულტიმატუმი რამდენად რეალისტურია. ფაქტი ისაა, რომ საქართველოში ასეთი კანონის განხილვა ქართული დემოკრატიისთვის ძალიან დიდი დარტყმაა. მე ამ კანონს, როგორც ღია და თავისუფალ საზოგადოებაზე პირდაპირ დარტყმას ისე აღვიქვამ. დღეს ჩვენ რომ მე-19 საუკუნეში ვიყოთ, ვიტყოდი, რომ ეს „თერგდალეულების“ წინააღმდეგ მიმართული კანონია“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.
მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებული დასავლური განცხადებების რაოდენობა უპრეცედენტოა და საქართველოს ხელისუფლება როგორც შიდა, ისე გარე წნეხის ქვეშაა.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდა ხალხი, ვისაც სურს ქვეყანას „მორგოშიას და მოროშკინას დიქტატურა მოახვიოს“.
„ჩვენ ხელისუფლებაში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც პუტინის სლავოფილურ იდეოლოგიურ ბანაკშია, პროგრესული საზოგადოების წინააღმდეგ ილაშქრებს და უნდა ქვეყანას მორგოშიასა და მოროშკინას დიქტატურა მოახვიოს.
დასავლეთი წნეხს ნელ-ნელა აძლიერებს. ჯერ განცხადებებით იწყება, დემარშებით გრძელდება და საბოლოოდ, შეიძლება მართლაც მკაცრ ზომებამდე მივიდეთ, რაც სანქციებს გულისხმობს. კანონთან დაკავშირებული დასავლური განცხადებების რაოდენობა უპრეცედენტოა. კანონის შინაარსი ქართველი ხალხის არჩევანს ეწინააღმდეგება და დასავლეთი ყოველთვის ხალხის მხარეს დადგება. ხელისუფლებაზე როგორც შიდა, ისე გარე წნეხი დიდია და არის მოლოდინი იმისა, რომ ამან შეიძლება იმოქმედოს.
ის, რომ გუშინ საგანგებო არაფერი ხდებოდა და აქცია მაინც ძალის გამოყენებით დაიშალა, ეს დასავლეთისთვის კიდევ ერთი წითელი ხაზი იქნება“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ გადაცემაში.
ცნობისთვის, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.
უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".