ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვესმის, რომ ბახმუტის შემდეგ ისინი შეძლებენ უფრო შორს წასვლას. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გზა ხსნილი იქნება უკრაინის სხვა ქალაქებისკენ, დონეცკის მიმართულებით. ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოტივაცია, დაიცვან ქალაქი, ძალიან განსხვავდება რუსეთის მიზნებისგან.
„ჩვენ გვესმის, რისი მიღწევა სურს რუსეთს იქ. რუსეთს სჭირდება მინიმუმ გარკვეული გამარჯვება - მცირე გამარჯვება - თუნდაც ბახმუტში ყველაფრის დანგრევით, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბახმუტის დაცვისას უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ხალხზე ზრუნვა.
”ჩვენ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ხალხზე. არავინ უნდა იყოს ალყაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მქონდა შეხვედრა სამხედრო მეთაურებთან. ისინი ყველანი საუბრობენ, რომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ბახმუტში, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეზე. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.