ჩემპიონთა ლიგა 2-კვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა, რის შედეგადაც ორი ნახევარფინალისტი გაირკვა - ჩელსი და ბენფიკა.
ლონდონის ჩელსის უმძიმესი სეზონი აქვს, რომლის გადარჩენა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში კარგი გამოსვლით შეუძლია. გრემ პოტერის გუნდმა საამისოდ პირველი ბარიერი დაძლია და დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა. 3 კვირის წინ გერმანიაში ინგლისელებმა 0:1 წააგეს, მაგრამ საკუთარ მოედანზე სასურველი ანგარიშით მოგება მოახერხეს.
პირველი ტაიმის ბოლოს "არისტოკრატებმა" დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც ლოგიკური შედეგი გამოიღო: 43-ე წუთზე ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. მე-2 ტაიმის სტარტზე კი ლონდონელებმა უპირატესობა გაზარდეს. კაი ჰავერტცმა პენალტი ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა პირველი პენალტი ძელს გაარტყა, მაგრამ მსაჯმა დარტყმა თავიდან შეასრულებინა, რომელიც უკვე ზუსტი გამოდგა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნეს. ამგვარად, ჩელსიმ თამაში 2:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
მეორე წყვილში ლისაბონის ბენფიკამ ბრიუგეს ადვილად აჯობა. ამ გუნდების დაპირისპირებაში პირველივე მატჩმა გაარკვია ყველაფერი, რომელიც პორტუგალიელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ამჯერად კი "და ლუჟზე" მეტოქე 5:1 გაანადგურეს. ორი მატჩის ჯამში 7:1 - ასე დასრულდა ლისაბონის ბენფიკასა და ბრიუგეს შორის დაპირისპირება. რამდენადაც კარგი იყო ბელგიური კლუბი ჯგუფურ ეტაპზე, იმდენად ვერ გამოდგა მზად პლეი ოფისთვის. გონსალო რამოშის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია. პორტუგალიური გრანდი ძალზე იოლად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.