ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტისა და შეძახილების ფონზე მოუხდა.
„არა რუსულ კანონს“ - ყვიროდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები პლენარულ სხდომაზე და მაგიდებზე აბრახუნებდნენ ხელებს, მაშინ, როდესაც მამუკა მდინარაძე უმრავლესობისთვის განკუთვნილი დროით სარგებლობდა.
„სათვალე იპოვე? შენ როგორ გაბედე რომ დაგვესხი თავს? მოყევი აბა? „ჩმორო“ შენ! - მიმართა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
„რუსო, პუტინისტო“,- მიმართა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია მსგავსი ქმედებით ცდილობს, რომ საზოგადოებამ მისი არგუმენტები არ მოისმინოს.
„ისინი ცდილობენ, რომ მე არგუმენტები არ ვთქვა. იმიტომ, რომ გარეთ მდგომი ხალხი გაიგებს სინამდვილეში რა ხდება. ამის წინააღმდეგ ილაშქრებთ ამ პაპუასობით",- აღნიშნავს მდინარაძე.