საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ საქართველოს პარლამენტში, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართველ დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს ეხმაურება.
მედიასაშუალება წერს, რომ კრიტიკოსების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მეზობელი რუსეთის დრაკონულ კანონმდებლობას ეფუძნება.
„როიტერსი“ კანონმდებლებს შორის მომხდარს „ხანმოკლე, მაგრამ ძალადობრივ შეხლა-შემოხლას“ უწოდებს. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები კანონპროექტს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს ადარებენ და მას საქართველოში ავტორიტარული სვლის სიმბოლო უწოდეს.
გარდა ამისა, როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, გასულ თვეში, 60-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ისინი, „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას არ დაემორჩილებიან.
ცნობისთვის, „როიტერსის“ გარდა, "უცხოელი აგენტების" კანონთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტის მოსმენის დროს, ქართველ კანონმდებლებს შორის მომხდარ ჩხუბს კიდევ ერთი საერთაშორისო მედიასაშუალება - BBC-იც გამოეხმაურა. როგორც ბრიტანული მაუწყებელი აღნიშნავს, შემოთავაზებული კანონპროექტი ცდილობს ზოგიერთი ორგანიზაცია აიძულოს, თავი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანოს.
BBC-ის ცნობითვე, ეს შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი ფულადი სახსრების მეხუთედზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.