იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მანდატურებმა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.
ე.წ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი განხილვა პარლამენტში, გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტთან რკინის ჯებირებია აღმართული, უსაფრთხოებას კი სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა იცავს. პარლამენტის შენობაში კი "დაშვების შეზღუდული რეჟიმი" მოქმედებს. საკანონმდებლო ორგანოში საშვები აღარ გაიცემა. კომიტეტის ოთახამდე მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი. ისინი სხდომაზე მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე პირებს უშვებენ. სხდომათა დარბაზთან არ უშვებენ არც ჟურნალისტებს. პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, შეზღუდვის მიზანი დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.