2016 წელს სეულის ცენტრალურ პარკში ჩატარდა კონკურსი... არაფრის კეთებაში. თუ ფიქრობთ, რომ არაფრის კეთება ადვილია, ძალიან ცდებით - სინამდვილეში, ამას გარკვეული უნარები სჭირდება.
სეულის კონკურსში 20000 სპორტსმენი მონაწილეობდა, აქედან ფინალამდე 70-მა მიაღწია. მოდი, ერთად ვნახოთ როგორ იქცა არაფრის კეთება თითქმის სპორტის სახეობად და ეს უცნაური კონკურსი როგორ ტარდება?
ეს სიზარმაცის ჩემპიონატი არ არის!
უსაქმურობა სიზარმაცეში არ უნდა აგერიოთ. ზარმაც ადამიანს შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს: დაიძინოს, საათობით ტელეფონზე ისაუბროს ან სერიალს ჩაუჯდეს, მაგრამ სამხრეთ კორეულ ჩემპიონატზე ეს ყველაფერი აკრძალულია. აქ მკაცრი წესები მოქმედებს და უმცირესი დარღვევისთვის სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
არაფრის კეთების კონკურსის მონაწილე გაუნძრევლად უნდა იჯდეს და არაფერზე იფიქროს.
ჟიური როგორ მოხვდება კონკურსანტი ფიქრობს თუ არა? მარტივად - პულსს გაუზომავს და აჩქარებისთვის დააჯარიმებს. და თქვენ გეგონათ, რომ 91 წუთის განმავლობაში არაფრის კეთება ადვილია?
ხანმოკლე მომზადების შემდეგ მონაწილეები სასტარტო პოზიციას იკავებენ. ზოგი ლოტოსის პოზაში ჯდება, ზოგი ფეხს ფეხზე იდებს, თუმცა დაწოლა კატეგორიულად აკრძალულია.
სპორტული უსაქმურობის წესები
კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეთა მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
2016 წელს ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი იყო სითბური დარტყმა. ექიმები ამოწმებენ ხომ არ დაუსივდათ სპორტსმენებს კიდურები, პულსი ხომ არ აუჩქარდათ და ა.შ.
როგორც უკვე მიხვდით, კონკურსზე მობილური ტელეფონების, წიგნებისა და ჟურნალების შეტანა აკრძალულია. მონაწილეებს ეკრძალებათ თვალების დახუჭვა, მთქნარება, ზმორება, გაღიმება, ცაში ყურება, ძილი. ერთი სიტყვით, კონკურსის მონაწილე გაუნძრევლად უნდა იჯდეს და პირდაპირ, უემოციოდ იყუროს.
ვინ ხდება გამარჯვებული?
იმარჯვებს ის, ვინც 91 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად, უემოციოდ და მშვიდი პულსით გაჩერებას შეძლებს. სხვათა შორის, ორგანიზატორები კონკურსისთვის კვირის ყველაზე უსიამოვნო დღეს - ორშაბათს ირჩევენ, რადგან ამ დღეს ადამიანი სტრესისკენ მეტად მიდრეკილია. რაც შეეხება კონკურსის ჩატარების ადგილს, 2014 წელს კონკურსი ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, 2016 წლიდან კი - ხალხმრავალ პარკში, ღია ცის ქვეშ იმართება.