"ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ უცხოური გავლენის კანონპროექტებს, რომლებიც უკვე განსახილველად ბიუროებს გადაეცათ, ექსპერტები აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტებით მმართველი პარტია ხელოვნურ ბარიერს ქმნის ევროინეგრაციის გზაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში ევროპული, დემოკრატიული სტანდარტები არ დამკვიდრდეს. მათივე შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის დაკანონება ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს გაანადგურებს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დიდი ძალა იქნება იმისათვის, რომ ეს ინიციატივები საბოლოოდ არ დაკანონდეს.კანონპროექტს გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლება ამ კანონით კრიტიკული საზოგადოებისა და ორგანიზაციების რეპრესიებს დაიწყებს . ლომჯარია საზოგადოებას მოუწოდებს, ხმამაღლა გამოხატონ პროტესტი და ხელისუფლებას არ მისცეს უფლება, კონსტიტუცია მიიტაცოს.