გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მაგრამ მეორედ მის გასაბჭოვებას არავინ არ დაგანებებთ - მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: ის, ვინც მიისწრაფვის რუსეთისკენ, რომლის კანონსაც ახლა აქ ნერგავთ, ან ბრიყვია ან ნაძირალა! ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი გინდათ რომ იყოთ , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ნაცვლიშვილის განცხადებით დივერსიაზე, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მმართველი პარტიაა პასუხისმგებელი.
„ეს დივერსია არის თქვენი პასუხისმგებლობის თემა, რომ თავში მოგივიდათ საქართველოს მეორედ გასაბჭოება. მერე ეს ფურცელზე გადაგიტანათ ვიღაცამ და ახლა, აი, ეს მოაწყვეთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ნაცვლად იმისა, რომ 12 პუნქტზე ლაპარაკობდეთ ახლა და ევროპას უახლოვდებოდეთ, ამ გზას ჩეხავთ და აფეთქებთ თქვენ, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის, ვინც ამ კანონზე ხელს დააჭერს. ამის იქით სხვა გზა აღარ იქნება, გადალახავთ ამ რუბიკონს, უკან მოსაბრუნებელი გზა არ იქნება. თვალში ნაცრის შეყრა, რომ მეორე მოსმენაზე, მეორესა და მესამეს შორის ჩამოვა დასკვნა, ეგ ტყუილები შეიძლება უთხრათ ამ ხალხს იმიტომ რომ მათ არ ესმით საკანონმდებლო პროცესი. გითხრათ იმ ხალხმა, თუ გინდათ ევროპა, ეს კანონი ევროპაში არ შეგვიყვანს, ამიტომ მისი განხილვაც კი თქვენი მხრიდან არის ნათქვამი ქართველი ხალხისთვის, რომ ფეხებზე გკიდიათ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპისკენ და ამას ვერ ბედავთ, რომ ხმამაღლა თქვათ და სხვისი ხელით აკეთებთ. ძალიან დიდი ცინიზმია, რომ გამჭვირვალეობაზე ლაპარაკობთ და სხვებს აინიცირებინებთ კანონპროექტს, რომელიც თქვენს ტვინში არის მოხარშული. ეს არის პრობლემა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, დაინიცირებულ კანონპროექტებს აქვს რუსული მიზნები და პრობლემა არის არა ტერმინები, არამედ მისი რუსული არსი.
„ეს არის რუსული კანონი, რუსული მიზნებით. თუ ვინმემ ვერ გაიგო აქ მსხდომმა, ეს კანონი რატომ არის პრობლემა და რა არის მასში - არა სიტყვები, არა ტერმინები, არამედ არსი არის რუსული. ამიტომ ან აიღეთ ხელი ამ განზრახვაზე, ან ძალიან მძიმე შედეგებისთვის მოგიწევთ თვალის გასწორება. გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მაგრამ მეორედ მის გასაბჭოებას არავინ არ დაგანებებთ. მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: ის, ვინც მიისწრაფვის რუსეთისკენ, რომლის კანონსაც ახლა აქ ნერგავთ, ან ბრიყვია, ან ნაძირალა! ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი გინდათ რომ იყოთ:,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.