დისნეის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის Peter Pan & Wendy-ის პრემიერა 2023 წლის 28 აპრილსაა დაგეგმილი — მისი ნახვა მაყურებელს Disney+-ზე შეეძლება. ამ დღის დადგომამდე კი კინოსტუდია ფილმის ტრეილერს ავრცელებს, რომელშიც უკვე ყველა მთავარ გმირს ვხვდებით.
ფილმის ინკლუზიურმა ხასიათმა დადებითი გამოხმაურება გამოიწვია მაყურებელში. პიტერ პენის თავგადასავლებზე გადაღებულ ამ ახალ ფილმში პიტერის ერთგული მეგობრის, თინქერ ბელის, როლს შავკანიანი მსახიობი იარა შაჰიდი შეასრულებს, რომელიც საზოგადოებამ სერიალით Blackish გაიცნო.
თავად პიტერ პენის როლს ახალგაზრდა მსახიობი ალექსანდერ მოლონი მოირგებს.
ვენდის კი მილა იოვოვიჩის შვილი, ევერ ანდერსონი, განასახიერებს.
დისნეის 1953 წლის ანიმაციური კლასიკა ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ადაპტაციაა ჯეიმს მეთიუ ბარის საბავშვო წიგნისა პიტერ პენი — ის მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც არ სურს გაზრდა და ბავშვებზე, რომლებსაც ის თავის ზღაპრულ სამყაროში მეთაურობს. სხვა მრავალმა სტუდიამაც შექმნა ადაპტაციის საკუთარი ვერსიები დიდი და პატარა ეკრანებისთვის, თუმცა Peter Pan & Wendy დანარჩენი ფილმებისგან ინკლუზიურობით გამოირჩევა. ვნახოთ, კიდევ რა სიურპრიზს უმზადებს ფილმი მაყურებელს.