სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერზე, უფრო კონკრეტულად კი, მათ ურთიერთობაზე ჯასტინ ბიბერთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საუბარი არ შეწყვეტილა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ სელენა და ჯასტინი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ, 2010 წლიდან კი ფანები უკვე მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე საუბრობდნენ.
წყვილმა გულშემატკივართა მოლოდინი 2011 წელს დაადასტურა და 2018 წლის თებერვლამდე, დროებითი პაუზებისა და რამდენჯერმე დაშორების მიუხედავად, ერთმანეთისადმი აშკარა რომანტიკულ ინტერესს ინარჩუნებდა.
სელენასთან საბოლოო დაშორების შემდეგ, 2018 წლის ივლისს ჯასტინ ბიბერმა ხელი მოდელ ჰეილი ბოლდუინს სთხოვა. მისი გადაწყვეტილება უამრავმა ფანმა ნაჩქარევად მონათლა და შედეგად ინტერნეტში დაუსრულებელი განხილვა დაიწყო ჯასტინის, სელენასა და ჰეილის "სასიყვარულო სამკუთხედის" შესახებ.
სელენასთან დაშორების შემდეგ სხვა ქალთან ურთიერთობის მოკლე ხანში დაწყებას, თავად გომესიც გამოეხმაურა 2019 წლის სიმღერით Lose You to Love Me. ცნობილ სიმღერაში ყველაზე დიდი ყურადღება შემდეგმა ფრაზამ მიიქცია: "In two months you replaced us, like it was easy" — "ორ თვეში ჩაგვანაცვლე, თითქოს ეს მარტივი იყო" .
სელენას თქმით, მან ამ სიმღერით ცხოვრების ეს თავი დახურა და ასევე თავისი სიმართლეც გააჟღერა. ფანებს კი, რომლებიც ჰეილისადმი უარყოფიდად იყვნენ განწყობილი, რამდენჯერმე მოუწოდა, ყველას მიმართ სიკეთე გამოეჩინათ. ამის შემდეგ 2022 წლის ოქტომბერში სელენამ და ჰეილიმ ერთადაც გადაიღეს ფოტოები, რათა ფანებისთვის ეჩვენებინათ, რომ ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილები იყვნენ და ინტერნეტში მათ გულშემატკივრებს შორის გაჩაღებული ომი უადგილო იყო.
საზოგადოება ფიქრობდა, რომ ამით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა, როგორც ჩანს, დრამა ჯერ კიდევ არ მთავრდება. იანვარში, როცა ინტერნეტში სელენას პაპარაცული ფოტოები გავრცელდა და საზოგადოების ნაწილმა მომღერლის წონის გაკრიტიკება დაიწყო, ჰეილი ბიბერმა კენდალ ჯენერთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად TikTok ვიდეო ჩაწერა, რომელშიც მღეროდა — "მე არ ვამბობ, რომ ამას იმსახურებდა, თუმცა ღმერთი ყოველთვის სწორ დროს არჩევს."
ინტერნეტში ამან დიდი მითქმა-მოთქმა და ბრაზი გამოიწვია, რადგან უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჰეილი მეგობრებთან ერთად სელენას წონას დასცინოდა და საზოგადოების ნაწილის მიერ მის დაჩაგვრას ზეიმობდა.