თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" მსჯელობა არ ყოფილა. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
„გუნდში ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა პოზიცია ექნება მმართველ გუნდს. ცხადია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. როდესაც შენ ხარ ქვეყნის წარმომადგენელი, ხარ ხელისუფალი და ხელს აწერ იმ რეზოლუციას, რომელიც არის სრული კატასტროფა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება",-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივით გამოდის.