მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი). რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, აქ ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი).