წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამომ“ მე-9 შეხვედრა გამართა. ამჯერად დეიან სტანოევიჩის გუნდი გერმანულ „ვასპო ჰანოვერს“ ესტუმრა, დაძაბულ ბრძოლაში 10:8 მოიგო და ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა 14:11.ჩვენმა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო – პირველი მეოთხედი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. „დინამომ“ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ორი ბურთი მიიღო და პერიოდის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრა.
აღსანიშნავია ასევე ჩვენი მეკარის, ირაკლი რაზმაძის შესანიშნავი თამაში, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა. მეორე პერიოდის დასაწყისში მეტოქე დაწინაურდა, თბილისელებმა მალევე მოახერხეს ორი გოლის გატანა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გერმანელები 3 ბურთით წინ გავიდნენ.
გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედშიც დაცვაში შესანიშნავად ვთამაშობდით და ბესო ახვლედიანის გოლით დავწინაურდით, ამ პერიოდშიც შესანიშნავი იყო რაზმაძე, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ორ ბურთამდე უპირატესობა მალევე საბა ტყეშელაშვილმა გაზარდა, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.ცნობისთვის, თბილისის „დინამო“ შემდეგ მატჩს 22 მარტს „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს.