1948 წელს ანრი კარტიე-ბრესონი ინდოეთში გაემგზავრა ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად მაჰათმა განდისა და მის შიმშილობის აქციაზე, რომელიც ინდოელთა სულიერმა ლიდერმა ინდუისტთა და მუსულმანთა შორის დაპირისპირების გასაპროტესტებლად წამოიწყო. გადაღებიდან ნახევარ საათში, რადიკალმა ინდუისტმა ნატჰურამ გოდსემ, რომელსაც ზედმეტად შემწყნარებლურად მოეჩვენა მუსულმანების მიმართ გატარებული პოლიტიკა, განდი ახლო მანძილიდან სამი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს, რაც ისევ კარტიე-ბრესონმა აღბეჭდა ფოტოზე. მანვე გადაიღო ჯავაჰარლალ ნერუს გამოსვლა, რომელმაც „დიადი სულის“ გარდაცვალების შესახებ ამცნო ქვეყანას და სამგლოვიარო პროცესია ათი ათასობით ინდოელის მონაწილეობით, განდის კრემაცია და მდინარე განგის ნაპირო, სადაც მისი ფერფლი გაიფანტა. შთამბეჭდავი ფოტოები, რომელთაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს, ჟურნალ Life-ში დაიბეჭდა და 40 წლის ფრანგი ფოტოგრაფის საუკეთესო ნამუშევრებად იქცა.
საერთაშორისო ფოტოსააგენტოს Magnum-ის დამფუძნებელი და დოკუმენტური ფოტოგრაფიის ოსტატი, ფოტორეპორტაჟისა და ფოტოჟურნალისტიკის პიონერი ანრი კარტიე-ბრესონი, რომელიც კოლეგებმა მე-20 საუკუნის ნამდვილ მემატიანედ აღიარეს, ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩნდებოდა და შელამაზების გარეშე ასახავდა მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტებს. სწორედ მისმა ობიექტივმა აღბეჭდა დიდი დეპრესია ამერიკაში და აფრიკელების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში და ე.წ. „დათბობის ხანა“ საბჭოთა კავშირში.
მართალია, კარტიე-ბრესონი უამრავ ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა და ერთნაირი ინტერესით იღებდა როგორც ხელოვანებს, ისე პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მისთვის მაინც უბრალო ადამიანი იყო. ფოტოგრაფი, რომელიც მთავარ კრიტერიუმებად კადრის სტრუქტურასა და გეომეტრიას მიიჩნევდა, გულწრფელად ხარობდა, როცა წამის მეასედში ერთიანდებოდა პაზლის ყველა ელემენტი და სწორედ ის ახერხებდა იმ შთამბეჭდავი მომენტის აღბეჭდვას, რომელიც არასდროს აღარ განმეორდებოდა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბრესონმა აღნიშნა, რომ ყველაზე ღირებული არა იდეალური რაკურსით გადაღებული ფოტო, არამედ იდეალური რაკურსის მოძიება და შერჩევა იყო, რადგან ნამდვილ სიამოვნებას არა ფოტოგრაფია, არამედ ფოტოგრაფირების პროცესი ანიჭებდა.
ანრი 1908 წლის 22 აგვისტოს დაიბადა პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ შანტლუში. მისი მამა - ანდრე კარტიე-ბრესონი მეწარმეთა დინასტიის, დედა - მარტა ლე ვერდიერი კი, ფრანგი არისტოკრატის, შარლოტა კორდეს შთამომავალი იყო, რომელმაც ჟან პოლ მარატი გამოასალმა სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ ანრის ბაბუა, ვის პატივსაცემადაც შეიძინა სახელი, მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი ბრენდის Cartier-Bresson-ის შემქმნელი და უმსხვილესი კომერსანტი იყო, რომლის ფაბრიკებში წარმოებული ბამბის ძაფი მთელ მსოფლიოში იყიდებოდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უფროსი შვილის მომავალი მშობლებმა დაბადებისთანავე განსაზღვრეს - ანრის ჯერ სკოლასა და უნივერსიტეტში უნდა მიეღო განათლება, მერე კი, ოჯახურ საქმეს ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა სულ სხვა გეგმები ჰქონდა თავად ანრის, რომელიც ადრეული ბავშვობიდანვე გაიტაცა ხელოვნებამ.
განსაკუთრებული გავლენა მცირეწლოვან ანრიზე მისმა ბიძამ მოახდინა, რომლის შთაგონებით ბიჭუნამ ხატვა დაიწყო, 12 წლისამ კი, მშობლებისგან საჩუქრად მიღებული ფოტოაპარატი Brownie Kodak მოსინჯა, თუმცა ახლობლებისა და მეგობრების გადაღებით მოზარდი მხოლოდ ერთობოდა და ნამდვილად არ ეგონა, რომ წლების შემდეგ გართობა საყვარელ საქმედ იქცეოდა.
დაწყებითი განათლება ანრიმ იმავე კათოლიკურ სკოლაში მიიღო, რომელიც მანამდე მარსელ პრუსტმა და ანდრე მალრომ დაამთავრეს, თუმცა ვერ შეძლო უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება და პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბიძის მსგავსად ფერმწერობა გადაწყვიტა. მართალია, მამა ნაკლებად იზიარებდა შვილის ინტერესებს, მაგრამ მაინც დააფინანსა ხატვის გაკვეთილები ცნობილ კუბისტთან ანდრე ლოტთან. სწორედ ლოტმა ასწავლა ახალგაზრდა ბრესონს გრაფიკული ფორმების ძიება, რამაც ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული მაგდალენას კოლეჯში, გრაფიკის ფაკულტეტზე გაუმარტივა სწავლა.
1929 წელს პარიზში დაბრუნებული ანრი ცნობილ პორტრეტისტს ჟაკ-ემილ ბლანშს დაუმეგობრდა და სწორედ მასთან ნაცნობობის წყალობით გახდა მხატვრული და ლიტერატურული სალონების ხშირი სტუმარი, თუმცა ბოჰემამ ახალგაზრდა მხატვარი განსხვავებულად მიიღო - მისი ნამუშევრების შემხედვარე გერტრუდა სტაინმა ოჯახურ ბიზნესს ურჩია დაბრუნება, რენე კრეველმა კი პირიქით, ნახატები მოუწონა და მეტი შთაგონებისთვის მეგობარი სიურრეალისტები გააცნო, რომლებიც ხანგრძლივ დისკუსიებს მართავდნენ სიზმრებსა და ზმანებებზე, ცნობიერსა და არაცნობიერზე, სოციალიზმზე, რევოლუციასა და რადიკალურ ცვლილებებზე.
სიურრეალისტ მეგობრებს შორის აღმოჩნდა ამერიკელი პოეტი ჰარი კროსბიც, რომელმაც ანრის ფოტოგრაფიის უკეთ შესწავლა ურჩია, მისი მეუღლე კი, ვისთანაც კროსბის თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა, ბრესონის პირველ ნამდვილ სიყვარულად იქცა, თუმცა ხანმოკლე რომანით გულგატეხილი, იარების მოსაშუშებლად კოტ-დ’იუვარში გაიქცა, სადაც სწრაფად დახარჯა მამისგან მიღებული თანხა და მალარიით დაავადებული ისევ სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ კლინიკაში მკურნალობისას გადააწყდა ანრი მარტინ მუნკაჩის ცნობილ ფოტოს „სამი ბიჭი მდინარე ტანგანიკაზე“, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი არჩევანი.
„მთელი დღეები ქუჩაში დავწანწალებდი, საჭირო მომენტის დაჭრა მინდოდა და ცხოვრების ხაფანგში გამომწყვდევას ვცდილობდი“, - ავტობიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა ბრესონმა, ვისთვისაც იმ მარადისობის ერთ კადრში ასახვა აღმოჩნდა მთავარი, რომელიც დინამიკას, უშუალობასა და რეალობას გააერთიანებდა საკუთარ თავში.
ანრის პირველი ფოტოები ჟურნალებში Voilà-სა დაPhotographies-ში დაიბეჭდა, რასაც მოგვიანებით მექსიკაში, თავად ბრესონის განცხადებით „ყველაზე სიურრეალისტურ ქვეყანაში“ ერთწლიანი მოგზაურობის ქრონიკა მოჰყვა, 1935 წელს კი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გალერეაში გამოიფინა მისი რამდენიმე ნამუშევარი ისეთი პოპულარული ოსტატების ფოტოების გვერდით, როგორიც უოლკერ ევანსი და მანუელ ალვარეს ბრავოა.
წარმატებული დებიუტის და ნიჭიერი ფოტოგრაფის რეპუტაციის შეძენის შემდეგ, ბრესონმა არა ფოტოკარიერის გაგრძელება, არამედ ახალ სფეროში - კინორეჟისურაში სცადა შესაძლებლობების მოსინჯვა. ანრი მთელი წელი სწავლობდა ნიუ-იორკში მონტაჟის ძირითად პრინციპებს, 1936 წელს კი, საფრანგეთში დაბრუნდა და ევროპაში დამძიმებული პოლიტიკური სიტუაციით შეწუხებულმა ჟან რენუართან ერთად გადაიღო პროპაგანდისტული ფილმი „ცხოვრება - ჩვენი“. აღსანიშნავია, რომ ფრანგი პროზაიკოსის და ცნობილი კომუნისტი აქტივისტის ლუი არაგონის დაკვეთით დადგმული ფილმი საფრანგეთის მმართველ 200 წარჩინებულ ოჯახს ამხელდა კორუფციასა და განუსაზღვრელ ძალაუფლებაში, რომელთა შორის ერთ-ერთი თავად კარტიე-ბრესონის ოჯახი იყო. რა თქმა უნდა, ანრის გამოხდომა მეწარმეთა დინასტიამ ღალატად მიიჩნია და მკაცრად გაკიცხა, მაგრამ რევოლუციითა და სოციალიზმით გატაცებული ბრესონისთვის მათი შეფასება ნაკლებად ყურადსაღები აღმოჩნდა.
1937 წელს კარტიე-ბრესონი ფოტოგრაფიას დაუბრუნდა და რობერტ კაპასა და დევიდ სეიმურთან ერთად შეუერთდა გაზეთ Ce Soir-ის რედაქციას, რომელიც მეტწილად კომუნიზმისა და სოციალიზმის იდეებს უწევდა პროპაგანდას. იმავე წლის მაისის თვეში ბრესონი ბრიტანეთში გაემგზავრა გეორგ მეექვსის კორონაციის გადასაღებად და რამდენიმე ათეული ფოტოთი ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან, თუმცა მისმა ფოტოებმა მხოლოდ რიგითი ლონდონელები აღბეჭდა და არა თავად მონარქი. შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟის მიუხედავად, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა გაზეთის რეიტინგი, 1939 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერის შემდეგ Ce Soir დაიხურა, საკუთარ იდეალებში იმედგაცრუებულმა ბრესონმა კი, სინანულის გარეშე გაანადგურა ფოტოებისა და ნეგატივების უმდიდრესი კოლექცია, რომელიც უსარგებლოდ მიიჩნია.
მძიმედ განიცადა ბრესონმა მეორე მსოფლიო ომის დაწყება. მართალია, 1940 წლის მაისში ანრი საფრანგეთის არმიას შეუერთდა, მაგრამ საომარ მოქმედებებში ჩაბმა არ დასცალდა, რადგან ტყვედ ჩავარდნილმა ნაცისტურ ბანაკში ამოყო თავი. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბრესონმა მხოლოდ 1941 წელს შეძლო ტყვეობიდან გათავისუფლება, მერე კი, წლების მანძილზე იმალებოდა პარიზში ყალბი დოკუმენტებით, თუმცა მაინც თავდაუზოგავად ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს.
„გაქცეული ტუსაღივით ვგრძნობ თავს. მართალია ომი დამთავრდა და თითქოს საფრთხეც გაქრა, მაგრამ მე მაინც სიცოცხლის ბოლომდე გაქცეულ ტუსაღად დავრჩები“, - აღნიშნა ბრესონმა, რომელმაც ვერც წლების შემდეგ შეძლო ნაცისტური ბანაკის დავიწყება, მით უფრო, რომ 1945 წელს თავად მოინდომა დოკუმენტური ფილმის გადაღება ყოფილი სამხედრო ტყვეებისა და ბანაკებში იძულებით გარეკილი ფრანგების სახლში დაბრუნებაზე.
1947 წელს, ფილმის საპრემიერო ჩვენების შემდეგ, კარტიე-ბრესონი ნიუ-იორკში გაემგზავრა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინა საკუთარი ნამუშვრები. მართალია, ექსპოზიციამ მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ნაკლებად გაიზიარა აღფრთოვანება ძველმა მეგობარმა რობერტ კაპამ, რომელმაც „სიურრეალისტური ფოტოგრაფიის“ ნაცვლად ბრესონს ნამდვილი საქმის კეთება და ფოტოჟურნალისტიკით დაინტერესება ურჩია.
ანრიმ არა მხოლოდ მოიწონა მეგობრის რჩევა, არამედ გაითვალისწინა კიდეც და სულ რამდენიმე თვეში ჩაუდგა სათავეში ფოტოსააგენტოს Magnum-ს, რომლის მთავარ მიზანს რეპორტაჟული ფოტოების პრესაში გავრცელება წარმოადგენდა. მართალია, სააგენტო მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალს აერთიანებდა, მაგრამ მეგობრებმა ერთმანეთში გაინაწილეს ის ქვეყნები და კონტინენტები, სადაც მუშაობა სურდათ. ჯორჯ როჯერს აფრიკა და შუა აღმოსავლეთი შეხვდა, წარმოშობით პოლონელმა დევიდ სეიმურმა, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა, ევროპა ჩაიბარა, უილიამ ვენდივერტს ამერიკის კონტინენტი ერგო, ბრესონმა ინდოეთი და ჩინეთი „მიისაკუთრა“, კაპას კი, პრიორიტეტების განსაზღვრა გაუჭირდა და ერთგვარ მობილურ კორესპონდენტად იქცა, რომელიც მთელ მსოფლიოში გეგმავდა მოგზაურობას.
ბრესონი პრაქტიკულად იმავე დღესვე შეუდგა მუშაობას და მეუღლესთან, ინდონეზიელ რანტე მოჰინისთან ერთად გაემგზავრა ინდოეთში, სადაც სწორედ მეუღლის ჯავაჰარლალ ნერუსთან ნაცნობობის წყალობით მოახერხა მაათმა განდის არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ მკვლელობის შემდეგ გადაღება, რაც ვერ შეძლეს სხვა ფოტოგრაფებმა. ინდოეთიდან ბრესონმა პაკისტანსა და მიანმაში იმოგზაურა, 1949 წლის 1 ოქტომბერს კი, ჩინეთის დედაქალაქში აღმოჩნდა, სადაც ქვეყნისთის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება აღბეჭდა ფოტოზე.
სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით შეძენილ „ფოტოშთაბეჭდილებებს“ ბრესონი ნიუ-იორკში, Magnum-ის სააგენტოში გზავნიდა და მართალია, კოლეგები სისტემატურად ამარაგებდნენ ჟურნალებით, სადაც მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა, მაგრამ ანრი არასდროს კარგავდა დროს მათ თვალიერებაში, რადგან მისთვის მთავარი არა შედეგი, არამედ გადაღების პროცესი იყო.
მსგავსი განწყობა ფოტოგრაფმა მთელი კარიერის მანძილზე შეინარჩუნა, მით უფრო, რომ მეგობრების დაკარგვის შემდეგ პრაქტიკულად მარტოს მოუწია Magnum-ის შენარჩუნება. განსაკუთრებით მტკივნეულად ბრესონმა კაპას გარდაცვალება განიცადა, რომელიც 1954 წელს ინდოჩინეთში აფეთქდა ნაღმზე, რასაც ორი წლის შემდეგ დევიდ სეიმურის მკვლელობა მოჰყვა ეგვიპტეში.
1952 წელს ბრესონმა პირველი ფოტოალბომი Images à la sauvette („გადამწყვეტი მომენტი“) გამოსცა. მართალია, ალბომმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მაგრამ ფოტოგრაფი ისევ გულგრილად შეხვდა პოპულარობას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა, სიცოცხლის ბოლომდე მოგზაურობდა მისთვის საინტერესო ქვეყნებში და როცა ფოტოგრაფიაში ამოწურა შესაძლებლობები ფერწერულ ტილოებში სცადა „ცხოვრების ხაფანგში გამოჭერა“.