შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, პროგრამის აქტუალურ საკითხებსა და ეტაპობრივად გადმოსაბარებელ აქტივობებზე ჩამოყალიბებული თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე.
შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ICRC-ის ინიციატივის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის მიმდინარეობა რომელიც როგორც ცნობილია უკავშირდება პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას. ამასთანავე ჩვენ ვიმსჯელეთ 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმაზე, რომელიც განაპირობებს ასევე შემდგომ წლებში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფას და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, სწორედ იმისთვის, რომ უფრო9 მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება გახდეს შესაძლებელი. ამასთანავე განვიხილეთ პროგრამის განხორციელების პროცესში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ჩართულობის როლი და მათთან, უფრო აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობა. რა მიმართულებითაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2023 წლიდან განაგრძობს უფრო ინტენსიურ ძალისხმევას ICRC-ისა და ოჯახების თანადგომის პროცესის ყველა შესაბამის მონაწილესთან აქტიური თანამშრომლობით“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში რეგიონული კოორდინატორი - კარინა სვენფელტი ესწრებოდნენ.