5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშში წერია.
“ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს”, - წერია ანგარიშში.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ მოვლენებში სახელმწიფოს, კერძოდ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როლებზეც წერს.
“ეს მოვლენები მაშ შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრმა Tbilisi Pride-ის დაგეგმილ ღონისძიებას “მიზანშეუწონელი” უწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ზომების მიღება. 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლების მიუხედავად, არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისმგებლობაში მიცემული არ იქნა”, - წერია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 5 ივლისს Tbilisi Pride-ზე და ძალადობის წინააღმდეგ 6 ივლისის აქციებზე ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებული და განხორციელებული იყო ულტრამემარჯვენე პრო-რუსული ჯგუფი “ალტ-ინფოს” და სხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, მათ შორის “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” და “ქართული მარში”.
“"ალტ-ინფოს" ლიდერებმა შემდგომში პოლიტიკური პარტია, "კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირეს და საქართველოს მასშტაბით ოფისები გახსნეს. "ალტ-ინფო"/"კონსერვატიული მოძრაობის" ხელმძღვანელობამ მიზნების მისაღწევად ძალადობისადმი მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა”, - წერია ანგარიშში.