უკრაინული ფორბსი წერს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი ერთ წელიწადში 115 მლრდ დოლარამდე დაუჯდა, ანუ თვეში, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც 2021 წლის რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების მესამედია.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აგრესორმა ქვეყანამ ყველაზე მეტი თანხა სამხედროების ხელფასებსა და დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახების კომპენსაციებში დახარჯა, რამაც, თითქმის, 54 მლრდ დოლარი შეადგინა,
მსხვერპლის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა, პუტინი მოსყიდვით ცდილობდა და ცდილობს დაღუპულთა ოჯახების გაჩუმებას და უკრაინის ფრონტზე სამხედრო ძალების შეკავებას.
უკრაინული გამოცემა ასევე წერს, რომ ჯარის მომარაგების საერთო ხარჯებზე რუსეთმა დაახლოებით 36 მლრდ დოლარი დაიხარჯა, ხოლო დაკარგული ტექნიკის მთლიანმა ღირებულებამ 24,5 მლრდ დოლარი შეადგინა. უკრაინული Forbes-ის შეფასებით, ეს თანხა, ანუ 115 მლრდ დოლარი უშუალოდ ომის ხარჯებს მოიცავს და რუსეთის მიმართ სანქციების, ასევე, ეკონომიკური იზოლაციის პირდაპირ და ირიბ ზარალს არ ითვალისწინებს. გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ განსაკუთრებით მძიმე ზარალი ბოლო თვეში განიცადა, რადგან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 24 თებერვლამდე პერიოდში 23 680 რუსი იქნა ლიკვიდირებული. Forbes-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ომის პირველი თვის რუსულ დანაკარგზე მეტია, ხოლო გასული ზაფხულის საშუალო დანაკარგს ოთხჯერ აღემატება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული არმიის დანაკარგების ზრდა არასაკმარისად გაწვრთნილი მობილიზებული პირების ხარჯზე ჯარის რიცხოვნობის გაზრდამ განაპირობა. გასული წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული წლევანდელი 25 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 148 130 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის ომში რუსულმა არმიამ 3 381 ტანკი, 6 615 ჯავშანტექნიკა, 475 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 18 ერთეული ხომალდი და კატერი დაკარგა.