მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის კვარტალური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებულია წინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით. შეგახსენებთ, რომ გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 15%-ით გაიზარდა. საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით: ტურიზმის მოცულობა თითქმის 3-ჯერ გაიზრდება. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც. ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა. გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ასევე ინვესტიციების მოცულობა. მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც. მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც. გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.