საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შედგა, თამაშის ყველა ბილეთი თითქმის ათი დღით ადრე გაიყიდა და ტრიბუნები ბოლომდე გაივსო.
დიდი შესვენების წინ, სტუმრებმა მცირე გაქცევა მოაწყვეს და შენგელიას სამქულიანი ძალიან დროული იყო – 42:43. ამ დროისთვის კაპიტანს 10 ქულა ჰქონდა, ყველაზე შედეგიანი კი შერმადინი იყო 17 ქულითა და დიდებული სტატისტიკით – არცერთი აცილებული სროლა: 7 ზუსტი ორქულიანი და სამიც საჯარიმო. ისლანდიელთა რიგებში 16 ქულით შეუჩერებელი გახლდათ ლიტვური რიტასის უკანახაზელი ელვარ ფრიდრიკსონი.
შეხვედრის უკანასკნელი წამები ემოციური გამოდგა. ისლანდია 80:77-ს იგებდა, როდესაც საფინალო სირენის წინ სასროლ პოზიციაზე ფრიდრიკსონი დარჩა, თუმცა, სამქულიანი ააცილა. მიუხედავად სამქულიანი მარცხისა, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით შერმადინი, მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო, შენგელიას ანგარიშზე კი 20 ქულა იყო.
ცნობისთვის, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება, ყველა ფინალისტის ვინაობა კი თებერვალში გვეცოდინება.