უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 70-მდე შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ რუსული ჯარები ამ რაიონებში კონცენტრირებულები არიან თავდასხმითი ოპერაციების ჩასატარებლად.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს.
„ოკუპანტების ამ მნიშვნელოვანი დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ მშვიდობიანი ქალაქები, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გენერალური შტაბი ასევე ხაზს უსვამს, რომ მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხის დონე უკრაინის მასშტაბით კვლავ მაღალია.