უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეჩვენება, რომ ეს არ იყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, არამედ ჩინეთმა გვაჩვენა თავისი აზრები.
„მეჩვენება, რომ ეს არ იყო რეზოლუცია, არ იყო დეკლარაცია, ეს არ იყო რაიმე ინფრასტრუქტურა. მეჩვენება, რომ ჩინეთმა გვაჩვენა თავისი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით. და ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, ძალიან კარგია" , - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჩინეთი გეგმაში უკრაინაზე ლაპარაკობს, იქ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ემთხვევა, არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს ემთხვევა მსოფლიოს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც მესმის. არის მოსაზრებები, რომლებსაც არ ვეთანხმები, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო არ ეთანხმება. მაგრამ ეს უკვე რაღაც არის.
ვფიქრობ, სწორია ვიფიქროთ, რომ თუ უკვე არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხებს... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით და ვიმუშაოთ ჩინეთთან ამ საკითხზე.
ჩვენი ამოცანაა შევკრიბოთ ყველა, რათა ზოგიერთის იზოლირება მოხდეს. აი, ეს არის ჩვენი ყველას ამოცანა“ , - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.