რუსეთის არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში ერთი წელი გავიდა. უკვე 365 დღეა რაც უკრაინა საკუთარი და მსოფლიოს თავისუფლების დაცვას ცდილობს. ისტორიაში რუსეთის არაერთი დანაშაული ჩაიწერა-ოკუპანტი ქვეყნის ძალების მუდმივი თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, ბაღებსა და სკოლებზე. სამხედრო დანაშაულებიდან ყველაზე მძაფრად მსოფლიოს ქალაქ ბუჩაში ოკუპანტი ქვეყნის მიერ მოწყობილი უკრაინელების გენოციდი ახსოვს.
ერთი წლის თავზე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები. საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას არ აპირებენ. 141 ქვეყანა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
ომის ერთი წლის თავზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ 12 თვის განმავლობაში ბევრ სირთულეს გაუძლო, თუმცა ქვეყანა არ დაცემულა და დამარცხებას არც მომავალში აპირებს. ზელენსკის თქმით, გასული წელი უკრაინისთვის იყო გაუტეხლობის, მიმდინარე კი გამარჯვების უნდა გახდეს. უკრაინელი ხალხის გმირობის წლისთავზე დღეს თავისუფლების დედაქალაქ კიევში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იდგება.
სხვებთან ერთად უკრაინელ ხალხს დღეს სოლიდარობას ქართველი პოლიტიკოსებიც გამოუცხადებენ, რომლებიც კიევში უკვე ჩავიდნენ. სოლიდარობის ხმა გაისმება დღეს რუსთაველის გამზირიდანაც, სადაც 19 საათზე მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.