საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზებს, ამირან დარბაისელი დაემატა. ტურნირში, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი 3-დან 5 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს, საქართველო 11 ძიუდოისტით გამოვა - 9 კაცით და 2 ქალით.
IJF-ის ოფიციალური საიტის თანახმად, საქართველოს ნაკრები ტაშკენტში ამ შემადგენლობით იასპარეზებს:60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან დარბაისელი, 66 კილოგრამში ბაგრატ ნინიაშვილი, 81 კგ წონაში ლევან გუგავა, 90 კილოგრამში იქნებიან ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი, 100 კილოგრამში იასპარეზებენ ონისე სანებლიძე და ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო მძიმე წონაში იჭიდავებს გელა ზაალიშვილი. ქალებში საქართველოს ღირსებას 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო 78 კილოგრამ წონაში სოფიო სომხიშვილი დაიცავს.
ამ დროისთვის ტაშკენტის გრანდ სლემზე მსოფლიოს 49 ქვეყნის 366 სპორტსმენია რეგისტრირებული, მათგან 193 კაცია, ხოლო 173 ქალი.
ცნობისთვის, შარშან ტაშკენტში გრანდ სლემი არ ჩატარებულა, 2021 წელს კი უზბეკეთში 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, თუმცა, მედალი ვერცერთმა მოიპოვა.