ევროპა ლიგის საპასუხო 16-ფინალურ მატჩში „მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების 1 კვირის წინანდელი პირველი დაპირისპირება ბარსელონაში, კამპ ნოუზე, ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში კატალონიელთა პოლონელმა ბომბარდირმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. ბარსელონას ცხრიანმა მე-18 წუთზე პენალტი გამოიყენა და პირველი ტაიმი ბარსელონამ მოიგო.
მეორე ნახევარში „წითელი ეშმაკები“ საგრძნობლად გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 47-ე წუთზე ფრედმა წონასწორობა აღადგინა. 73 წუთზე კი მანჩესტერის ბრაზილიელმა შემტევმა, ანტონიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელმაც მანჩესტერელები ევროპა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.
აღნიშნული მარცხით შეწყდა „ბარსას“ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც ოქტომბერში დაიწყო.
ცნობისთვის, “მანჩესტერმა“ „ბარსელონას“ 2008 წლის შემდეგ პირველად სძლია - აქამდე ოთხჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრედ ეთამაშა.
ამასთან, ცნობილი გახდა ევროპა ლიგის ყველა მერვედფინალისტი, ესენი არიან:„მანჩესტერ იუნაიტედი“, „შახტარი“, „იუვენტუსი“, „რომა“, „უნიონი“, „ბაიერი“, „სევილია“, „სპორტინგი“, „ფერენცვაროში“, „ბეტისი“, „ფეიენოორდი“, „არსენალი“, „ფენერბახჩე“, „ფრაიბურგი“, „იუნიონი“ და „სოსიედადი“.
შეგახსენებთ, ტურნირის კენჭისყრა 24 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. პირველი შეხვედრები 9 მარტს ჩატარდება, საპასუხოები კი 16 მარტს.