ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა. კოხტას ფერდობზე აერიალსში ერთმანეთს ათი ქვეყნის “მფრინავი” მოთხილამურეები გაეჯიბრნენ.
ამ დისციპლინაში ქალთა შორის გამარჯვება ჩინელმა ფენი კონგმა მოიპოვა. აზიელ სპორტსმენს პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მეოთხე რეზულტატი ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდაზე საუკეთესო შედეგი (85.30 ქულა) დააფიქსირა და ორი ცდის ჯამში 169.72 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მფლობელი ავსტრალიელი დანიელა სკოტი გახდა, მესამე ადგილზე კი უკრაინელი ანასტასია ნოვოსადი გავიდა.
ვაჟთა შეჯიბრი შვეიცარიელი ნოე როტის ტრიუმფით დასრულდა. ამ შემთხვევაშიც ჩემპიონის პირველი ცდა წარუმატებელი იყო. როტს მხოლოდ მეექვსე შედეგი ჰქონდა (93.21 ქულა), მაგრამ მეორე ცდაზე შესანიშნავი ნახტომი შეასრულა, 118.59 ქულა დაისაკუთრა და პირველ ადგილზე გავიდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, შესაბამისად, ამერიკელი ქუინ დელინგერსა და ჩინელ ლონგსიაო იანგს ერგოთ.
ბაკურიანიში სკი კროსის კვალიფიკაცია უნდა გამართულიყო და ამ დისციპლინაში ქართველი სპორტსმენების გამოსვლასაც ველოდით, თუმცა, შეჯიბრი გუშინ უამინდობის გამო გადაიდო.