„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, ანგლო-ამერიკელი მსახიობი კრისტიან ბეილი, რომელიც ერთნაირი ენთუზიაზმით მონაწილეობს როგორც საავტორო კინოში, ისე მსხვილბიუჯეტიან ბლოქბასტერებში, გარდასახვის ნამდვილი ოსტატია, რადგან არასდროს გაურბის სირთულეებს და ყოველთვის აზარტით ირგებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ხშირად უარყოფით პერსონაჟებს.
კრისტიან ჩარლზ ფილიპ ბეილი 1974 წლის 30 იანვარს დაიბადა უელსის პროვინციულ ქალაქ ჰავერფორდვესტში. მართალია, ბრიტანეთის ისტორიული პროვინცია საკმაოდ პრეზენტაბელურადაა წარმოდგენილი ჰოლივუდში, რადგან სწორედ უელსელები არიან ენტონი ჰოპკინსი და რიჩარდ ბარტონი, მაიკლ შინი და კეტრინ ზეტა ჯონსი, მაგრამ ბეილი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოშობით ინგლისელია და არა უელსელი.
კრისტიანის დედა ცირკის მსახიობი იყო, მამა კი, სამოქალაქო ავიაციის პილოტი, რომლის წყალობით ოჯახი მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელს. მეტიც, თავად კრისტიანის განცხადებით, სულ მცირე 15 ქვეყანაში მოსინჯა სკოლაში წასვლა, სანამ ოჯახი საბოლოოდ არ დაუბრუნდა მშობლიურ ბრიტანეთს.
მსახიობი ბაბუებისგან მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი ბეილმა ბავშვობაშივე გამოავლინა, როცა 9 წლისა ჯერ შვრიის ფანტელის რეკლამაში გამოჩნდა, მერე ტელედადგმაში „ზედმეტად ბეჯითი“ ცნობილ კომიკოსს როუენ ატკინსონს გაუწია პარტნიორობა, 1986 წელს კი, NBC-ის პროექტში „ანასტასია: ანას საიდუმლო“ შეასრულა ეპიზოდური როლი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი არჩევანი.
მართალია, მხატვრულ კინოში კრისტიანის დებიუტი სკანდინავიური დრამით „მიო, ჩემო მიო“ შედგა, როცა 13 წლისამ 400-ზე პრეტენდენტი დაჯაბნა და მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა ტყვეობაში აღმოჩენილი ბრიტანელი ბიჭუნა განასახიერა, მაგრამ აღიარება მაინც სტივენ სპილბერგის ბიოგრაფიულმა დრამამ „მზის იმპერიამ“ მოუტანა, რომლის წყალობით პირველი სერიოზული პრიზი - ამერიკის კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოს პრემია მოიპოვა. თუმცა, მოულოდნელი პოპულარობა მეტად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მოზარდისთვის, რომელმაც მცირე პაუზით ისარგებლა, 2-წლიანი შესვენების შემდეგ კი, შექსპირის ცნობილი პიესის „ჰენრი V“-ის ეკრანიზაციით დაუბრუნდა მაყურებელს, რასაც მალე ფილმები „განძთა კუნძული“ და „მკვლელობა ჯენტლმენურად“ მოჰყვა.
ახალი ეტაპი პროფესიონალურ ცხოვრებაში 18 წლის ბეილმა 1992 წელს აღნიშნა რეტრო-მიუზიკლით „ახალი ამბების გამყიდველი“, როცა რეჟისორმა კევინ ორტეგამ პირველი სერიოზული როლი მიანდო. მართალია, ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, მაგრამ ახალბედა მსახიობმა მაინც დადებითი შეფასება დაიმსახურა, მით უფრო, რომ ბევრად წარმატებული აღმოჩნდა მისი შემდეგი ნამუშევარი - მორიგი მიუზიკლი „სვირგის შვილები“, რომელმაც მაყურებელთან ერთად კრიტიკის მოწონებაც დაიმსახურა.
1994 წელს ჯილიან არმსტრონგის დრამა „პატარა ქალები“ იხილა მაყურებელმა, რომელიც „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი გახდა და სწრაფად იქცა კინოჰიტად. საკუთარი წვლილი შეიტანა ფილმის პოპულარიზაციაში ბეილმაც, როცა ბრწყინვალე მსახიობებს - სიუზან სარანდონს და გაბრიელ ბირნს, ვაინონა რაიდერს, კირსტენ დანსტს და ერიკ შტოლცს გაუწია პარტნიორობა, 2 წლის შემდეგ, ჰენრი ჯეიმსის რომანის მიხედვით შექმნილ დრამაში „ქალის პორტრეტი“ კი, არაჩვეულებრივ ნიკოლ კიდმანს დაუმშვენა გვერდი.
მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცა 1999 წელს გამოსული კრიმინალური ტრილერი „ამერიკელი ფსიქოპატი“, რომელშიც მსახიობმა სასტიკი მკვლელი პატრიკ ბეიტმანი განასახიერა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორის მერი რეჰორის მოთხოვნით ბეილს ფიზიკური ფორმის დახვეწა მოუწია, რაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გამოდგა, მით უფრო, რომ არც ნეგატიური პერსონაჟის მორგება აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად მარტივი, თუმცა მსხვერპლმა გაამართლა, რადგან სწორედ პატრიკ ბეიტმანის როლმა აქცია ბეილი 1990-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად.
2002 წელს გარდასახვის ოსტატმა ბეილიმ ჯერ მეთიუ მაკკონაჰისთან დუეტში შეასრულა მთავარი როლი ფანტასტიკურ ტრილერში „ცეცხლის ძალა“, მერე კურტ უიმერის ანტიუტოპიურ ბოევიკში „ექვილიბრიუმში“ გამოჩნდა. ფილმმა კრიტიკის მოწონება დაიმსახურა, სცენა კი, როცა ბეილის პერსონაჟი შონ ბინის კლირიკს კლავს, მსოფლიო კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად იქცა.
2004 წელს მსახიობმა მეტად რთული როლის შესრულება ითავა ბრედ ანდერსონის ტრილერში „მემანქანე“, რადგან ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად სერიოზული ფიზიკური ტრანსფორმაციაც განიცადა, მთელი 28 კილო დაიკლო და ნამდვილ „ცოცხალ გვამს“ დაემსგავსა, ერთი წლის შემდეგ გამოსული სუპერგმირული ბოევიკისთვის „ბეტმენი: დასაწყისი“ კი, პირიქით, წონის სასწრაფოდ მომატება მოუხდა. მსახიობმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას და პოპულარული პერსონაჟის ერთ-ერთი საუკეთესო სახე შექმნა. მეტიც, ბეილის ადამიანმა-ღამურამ პრაქტიკულად სრულად დაჯაბნა მაიკლ კიტონის ბრიუს უეინი, რომელიც მანამდე იყო ეტალონად მიჩნეული.
წარმატებული აღმოჩნდა მსახიობისთვის 2010 წელიც, როცა ყოფილი მოკრივე განასახიერა დევიდ რასელის ბიოგრაფიულ დრამაში „მებრძოლი“ და „ოქროს გლობუსთან“ ერთად „ოსკარიც“ დაიმსახურა მეორე პლანის როლის შესრულებისთვის. მართალია, შემდეგ ნამუშევარში - ტრაგიკომედიაში „ამერიკული აფერა“ ბეილი მხოლოდ პრესტიჟული პრემიების ნომინაციებით დაკმაყოფილდა, მაგრამ შთამბეჭდავი გარდასახვის წყალობით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
კრიმინალური ტრაგიკომედია „ამერიკული აფერა“, რომელმაც ბრწყინვალედ აღადგინა 1970-იანი წლების ატმოსფერო და მაყურებელს გახმაურებული პოლიტიკური სკანდალის ისტორია მოუთხრო, ისევ გამოცდილმა დევიდ რასელმა დადგა ბრწყინვალე მსახიობების დასთან ერთად, რომელთაც საოცრად თვითმყოფადი პერსონაჟები შექმნეს და პალმ სპრინგსის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის პრემიაც დაიმსახურეს.
რასელის ნამუშევარს, რომელიც გამოცემა USA Today-მ 2013 წლის საუკეთესო რეტრო-ფილმად შეაფასა, გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეცოპერაციის ისტორია დაედო საფუძვლად, როცა ხელოვნების ნიმუშებით არალეგალურად ვაჭრობის გამოძიება საბოლოოდ კორუმპირებული პოლიტიკოსების მხილების საქმედ იქცა.
მართალია, ჰოლივუდის საუკეთესო სცენარების ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ერიკ უორენ სინგერის რომანის „ამერიკული სიბრიყვის“ ეკრანიზებას რეჟისორები დიდხანს არიდებდნენ თავს, მაგრამ სირთულეების მოყვარულმა რასელმა სიამოვნებით მიიღო Columbia Pictures-ის მესვეურების შეთავაზება და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. რეჟისორმა ჯერ რომანის საერთო ფაბულა დაამუშავა, მერე კი, რეალურ პროტოტიპებთან მაქსიმალურად მიმსგავსებული პერსონაჟები შექმნა.
სხვათა შორის, 1980-იანი წლების დასაწყისში სინგერის რომანის მიხედვით ლუი მალმაც სცადა ფილმის დადგმა. რეჟისორმა სცენარიც კი მოამზადა სახელწოდებით „მთვარე მაიამის თავზე“, თუმცა მთავარ როლზე მიწვეული ჯონ ბელუშის გარდაცვალების შემდეგ, თავად თქვა უარი მუშაობის გაგრძელებაზე.
მართალია, ფილმის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს, მაგრამ ეკრანულ ვერსიაში მათი სახელები შეგნებულადაა შეცვლილია. მაგალითად, ირვინგ როზენფელდი კრისტიან ბეილის შესრულებით, ცნობილი თაღლითი მელვინ ვაინბერგია, რომლის ავანტიურული ცხოვრება მკითხველს პირველმა რობერტ გრინმა მოუთხრო რომანში "მატყუარა", ჯერემი რანერის კარმაინ პოლიტო კი, სინამდვილეში ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კედმენის მერი ანჯელო ერიჩეტია, რომელიც სწორედ ფედერალური ბიუროს სპეცოპერაციას ემსხვერპლა, როცა კორუფციაში დადანაშაულებული აღმოჩნდა საპატიმროში. სხვათა შორის, ერიჩეტიმ სამი წელი გაატარა ციხეში და 2013 წელს, ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა 84 წლის ასაკში.
ახალ პროექტზე მუშაობა დევიდ რასელმა ძველ ნაცნობებთან ერთად გადაწყვიტა და ჯერ კრისტიან ბეილი და ემი ადამსი, მერე ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ დე ნირო მიიწვია, რომელთაც 2012 წელს დაუმეგობრდა კომედიის "ჩემი შეყვარებული - ფსიქოპატია" გადაღებებზე.
ბეილს რამდენიმე თვით მოუწია პროექტის დატოვება, რამაც მსახიობთა გადაჯგუფება გამოიწვია. გამოცდილი თაღლითის ირვინგ როზენფელდის როლი ბრედლი კუპერმა გადაიბარა, აგენტი რიჩი დამაცო კი, მის ნაცვლად ჯერემი რენერი გახდა, თუმცა საბოლოოდ, ბეილმა ყველა სირთულე დაძლია და ისევ როზენფელდის როლით დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს, კუპერმა ისევ ფედერალური ბიუროს აგენტის როლი მიიღო, რენერისთვის კი, რეჟისორმა სპეციალურად შექმნა კარმაინ პოლიტოს პერსონაჟი.
სხვათა შორის, ჩვილი, რომელსაც პოლიტო კოცნის კადმენის მერის სტატუსით ადგილობრივებთან შეხვედრისას, სინამდვილეში მისი ახალშობილი ქალიშვილია, ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც ჩვილი უჭირავს - რანერის მეუღლე სონი პაჩეკო, რასელმა მსახიობის დედასაც მიიწვია ეპიზოდურ როლზე, თუმცა ქალბატონმა რანერმა უარი თქვა შეთავაზებაზე.
არაჩვეულებრივი გრიმის და ეპოქისთვის დამახასიათებელი კოსტიუმების მიუხედავად, ბეილმა ვერც ამჯერად დააღწია თავი გარგნულ ცვლილებებს და რეალურ პროტოტიპთან მაქსიმალური მსგავსების მისაღწევად მთელი 18 კილოგრამით მოიმატა წონაში, რამაც ძალიან დააბნია რობერტ დენირო, რომელმაც დიდხანს ვერ დაიჯერა, რომ ჩასუქებული უცნობი მამაკაცი უცნაური ვარცხნილობით, მისი ძველი ნაცნობი ბეილი იყო.
საკუთარი პერსონაჟებისთვის შესაბამისი იმიჯის შექმნაზე იზრუნეს ჯენიფერ ლოურენსმა და ბრედლი კუპერმაც. ლოურენსისთვის ცნობილი სერიალის „ნიუ-ჯერსის ნამდვილი დიასახლისების“ პერსონაჟები იქცნენ ეტალონად, კუპერისთვის კი, პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი აგენტის ვარცხნილობა, რომლის სისუსტე აუცილებლად ხუჭუჭი თმა და ქიმიური დახვევა უნდა ყოფილიყო.
მართალია, სცენარში ყველა ეპიზოდი დეტალურად გაიწერა, მაგრამ ფილმის დიდი ნაწილი მაინც მსახიობების იმპროვიზაციით შეიქმნა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ბეილმა ისიც კი შეახსენა რეჟისორს, რომ სცენარი ეპიზოდიდან ეპიზოდში იცვლებოდა და აბსოლუტურად კარგავდა პირვანდელს სახეს, თუმცა, რასელს ნაკლებად აღელვებდა სიუჟეტი, რადგან მთავარ აქცენტს პერსონაჟებზე აკეთებდა.
სხვათა შორის, სრული იმპროვიზაციაა ირვინგის და მისი მეუღლის კამათის ეპიზოდი საძინებელში, რომელიც მსახიობებმა რეჟისორთან შეთანხმების გარეშე, აბსოლუტურად სპონტანურად გაითამაშეს და რასელის მოწონებაც დაიმსახურეს.
რა თქმა უნდა, ფილმის შემქმნელებმა მაქსიმალურად იზრუნეს 1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროს შექმნაზე, თუმცა რამდენიმე უმნიშვნელო წვრილმანი მაინც გამორჩათ. მაგალითად, წიგნი "განზრახვის ძალა", რომელსაც როზალინ როზენფელდი კითხულობს, სინამდვილეში 2004 წელს გამოიცა, შეიხის თვითმფრინავმა Falcon 900-მა კი, მხოლოდ 1984 წელს შეასრულა პირველი რეისი.
მართალია, ფილმის შექმნა საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, რადგან ბიუჯეტმა მთელი 40 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ „აფერამ“ სრულად გაამართლა და არა მხოლოდ 251 მილიონი მოაგროვა გაქირავებაში, არამედ პრესტიჟული კინოფესტივალების ლაურეატიც გახდა.