რუსეთის არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში ერთი წელი გავიდა. უკვე 365 დღეა რაც უკრაინა საკუთარი და მსოფლიოს თავისუფლების დაცვას ცდილობს. ისტორიაში რუსეთის არაერთი დანაშაული ჩაიწერა. ოკუპანტი ქვეყნის ძალების მუდმივი თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, ბაღებზე, სკოლებზე. სამხედრო დანაშაულებიდან ყველაზე მძაფრად მსოფლიოს ქალაქ ბუჩაში ოკუპანტი ქვეყნის მიერ მოწყობილი უკრაინელების გენოციდი ახსოვს.
ერთი წლის თავზე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს. საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას არ აპირებენ. 141 ქვეყანა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ომის ერთი წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რამდენ ძალისხმევას დახარჯავს რუსეთი, უკრაინა სრულად აღდგება.
თბილისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე დაიწყება.