მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი,ზურაბ ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“.
მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალს გააზრებული აქვთ ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ისინი ცდილობენ არსებული ფაქტი პაციენტს დააბრალონ.
„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი. მას რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ერთი სპეცოპერაცია რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართულებით და მეორე სპეცოპერაცია აქ იყო დაწყებული“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.