ევროკომისიის პერსონალს ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალა. გამოცემა Politico-ს ცნობით, დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებს აქვთ მტკიცებულებები იმისა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ეხმარებიან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მის სპეცსამსახურებს მთელი მსოფლიოდან მონაცემების შეგროვებაში, განსაკუთრებულ სამიზნეებს კი პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროები წარმოადგენენ.
როგორც Politico-ს ევროკომისიის მაღალჩინოსანმა განუცხადა, 23 თებერვლიდან მთელ პერსონალს სამუშაო მოწყობილობებიდან TikTok-ის წაშლა დაევალა. ბრძანება ვრცელდება პირად მოწყობილობებზეც, თუ ამ გაჯეტებში სამსახურთან დაკავშირებული აპლიკაციებიც არის ჩაწერილი.
ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, მათ შორის ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. დიდი ალბათობით, აკრძალვის შესახებ ევროკომისიაში ოფიციალური განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.