"ხალხის ძალა" ამბობს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს. "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები აცხადებენ, რომ ევროკავშირში ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
„თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს ნაცმოძრაობის მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, ნაცმოძრაობისთვის სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, ნაცმოძრაობის ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს.
ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების - ნაციონალების, მათი ენჯეოების, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთი და იგივე ყალბ მესიჯს, რომ, თითქოს, „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“. ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან.
ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული.
ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს.
ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამოვდგებით, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სადაც საქართველოზე ამ ხარისხის სიყალბე ვრცელდება, იქ მსგავსი სიცრუე სხვა ქვეყნებისკენაც ხშირად არის მიმართული.
ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მედიისა და სიტყვის თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით", - ნათქვამია განცხადებაში.