ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე იტალიელთა ტრიუმფით დასრულდა.
გუნდურ პარალელურ სლალომში პირველი ადგილი იტალიის ნაკრებს ერგო, რომლის წარმომადგენლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ.
გარდა ამისა, გუშინ ოფიციალური ვარჯიში სკიქროსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქართველმა მოთხილამურეებმაც მიიღეს. ცნობისთვის, დღეს ქართველი მოთხილამურეები საკვალიფიკაციო შეჯიბრში ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, ბაკურიანს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი სტუმრობს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.