დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.
ამასთან დღეს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ ექსპერტიზა უტარდება, რათა დადგინდეს, რამდენად უსაფრთხოა. თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, წილოსანს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.