აშშ ნატო-ს 2024 წლის სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა.
“მომავალ წელს შეერთებულ შტატებში 2024 წლის სამიტისთვის ნატო-ს ყველა წევრს ვუმასპინძლებ. ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ალიანსის - ნატო-ს 75 წლის იუბილეს”, - განაცხადა ბაიდენმა.
მან კვლავ აღნიშნა აშშ-ის ნატო-ს და მე-5 მუხლისადმი მხარდაჭერა, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა.
“დაე, ეჭვი არ იყოს: ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმიმართ შეერთებული შტატების ერთგულება ქვასავით მყარია. ნატო-ს ყველა წევრმა იცის ეს და რუსეთმაც: ერთის წინააღმდეგ თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმაა. ეს არის წმინდა ფიცი”, - დასძინა ბაიდენმა.