დღეს პუტინმა მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ კიდევ უფრო დიდი ომისთვის არის მზად, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთი წლის შემდეგ ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის ემზადებოდეს - პირიქით. დღეს მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ კიდევ უფრო დიდი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს, კიდევ უფრო დიდი ჯარის მობილიზებას ახდენს და კონტაქტში იმყოფება ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ალიანსი და პარტნიორები უკრაინას დახმარებას და თანამედროვე მძიმე შეიარაღებას აწვდიან და ამასთან დაკავშირებით უკრაინასთან „მუდმივ კონსულტაციებში” იმყოფებიან.
„მაგრამ ნატოს სხვა ამოცანაც აქვს - არ დაუშვას, რომ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გასცდეს. ამიტომ, შეჭრის დღის დილით ჩვენი თავდაცვის გეგმები გავააქტიურეთ და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი ქვედანაყოფების რაოდენობა გავზარდეთ, ამით მოსკოვს სრულიად მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ, რომ ნატო იქ არის, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს და ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმა იქნება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.