შენაია ტვეინი, იგივე ელინ რეჯინა ედვარდსი კანადელი ქანთრი-მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, ყველაზე კომერციულ შემსრულებელთა სიას ლიდერობს. ყველაზე გაყიდვადი არტისტის სტატუსი მან სამი ათწლეულის მანძილზე უკონკურენტოდ შეინარჩუნა, რაც მართლაც რეკორდია. შენაია თავად წერს სიმღერებს და თავადვე არის დაკავებული მათი პრომოუშენით.
მუსიკოსი „გრემის“ ხუთგზის გამარჯვებულია და მისი ალბომები, 75 მილიონიანი ტირაჟით არის გაყიდული. ტვეინი ერთადერთი ქანთრი შემსრულებელია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, ვისი სამი ალბომიც ზედიზედ სამჯერ გახდა ბრილიანტის სტატუსის მქონე.
მუსიკოსის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, თავგადასავლებითა და სირთულეებით.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ შენაია ტვეინის ალბომი Come On Over მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის. შენაია 40 პროცენტით ირლანდიელია, მას აქვს ბრიტანული, შვედური, შოტლანდიური და ცოტა ფრანგული ფესვები.
საინტერესოა, რომ შენაიას ოჯახი კანადაში 1912 წელს გადავიდა საცხოვრებლად. როგორ თავად ჰყვება, მისი დიდი ბებია და ბაბუა ტიტანიკის საბედისწერო რეისზე მხოლოდ იმიტომ ვერ აღმოჩნდნენ, რომ ბილეთის ყიდვა დააგვიანდათ.
შენაიას მშობლიური ქალაქია ტიმინსი, რომელიც მუსიკოსს ძალიან უყვარს, პირველად სცენაზე შენაია ტიმინსის ერთ-ერთ რესტორანში გამოჩნდა, 11 წლის ასაკში კი მღეროდა ბარებსა და რესტორნებში. პირველი სიმღერა 10 წლის ასაკში დაწერა და მას ერქვა Love Is A Rose. პირველად ეკრანზე შენაია ტომი ჰანტერის შოუში გამოჩნდა. ჯერ კიდევ სულ პატარა, შენაია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ტვეინი ბევრს მუშაობდა, მათ შორის მცველად ტყეში. ამბობს, რომ საჭმლის ფული არასოდეს ჰყოფნიდათ და საკვებს ყოველთვის იზოგავდნენ. თინეიჯერობის წლებში შენაია ტორონტოში ოფიციანტადაც მუშაობდა.