მე ყოველთვის მხვდება აქ საოცარი სითბო, სიყვარული, აქ მხვდებიან ჩემი მეგობრები და ეს მეგობრული დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, საქართველოში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ, - ამის შესახებ მაესტრო ჯუზეპე საბატინიმ განაცხადა, რომელიც თბილისში 20 თებერვალს ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწოლეობას.
საბატინის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პატივია მიიღოს მონაწილეობა საღამოში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს ეძღვნება, შემოსული თანხით კი ქართველ და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქ და სირიელ ბავშვებს დაეხმარებიან.
„ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიურია, მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში, მე აქ ვიყავი სექტემბრის ბოლოს, როდესაც მივიღე მონაწილეობა საქველმოქმედო კონცეტრში და მიხარია, რომ დავბრუნდი წელსაც მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება კონკრეტულ პიროვნებას და კონკრეტულ მიზნებს.
კონცერტი ეძღვნება საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის 90 წლის იუბილეს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს, საღამო იმართება ქართველი ბავშვების დასახმარებლად და მას შემდეგ, რაც თურქეთსა და სირიაში მოხდა საშინელი ტრაგედია, შევეცდებით, რომ შეგროვებული თანხები ასევე გამოიყოს თურქი და სირიელი ბავშვების დასახმარებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელიც შეიძლება გაეწიოს ოჯახებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ვერ წვდებიან ბავშვების მკურნალობას, ჯანმრთელობის გაუარესებას და საქმიანობა, რომელსაც ეწევა ჩემი მეგობარი ნინო სურგულაძის ფონდი, ამ მხრივ ფასდაუდებელია“, - განაცხადა ჯუზეპე საბატინიმ.
20 თებერვალს რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ გაიმართება. ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობენ: სპეციალური სტუმარი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო, გია გაგნიძე - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ლადო ათანელი - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია - მსოფლიოში წარმატებული ტენორი, ნინო სურგულაძე - მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო.