ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერის შემდეგ Associated Press-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღების პროცესსა და მასში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე ისაუბრა.
პენის თქმით, მასზე დიდი გავლენა ზელენსკიმ პირველი ინტერვიუს ჩაწერისთანავე მოახდინა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიმდინარეობდა.
"თითქოს საკუთარ თავს იაზრებდა, აცნობიერებდა, რომ სწორედ ამ მომენტისთვის დაიბადა". - ამბობს ამერიკელი რეჟისორი.
შონ პენმა პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ ზელენსკისთან პირველი ინტერვიუს შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა კიევის დაბომბვა დაიწყო.
"მაშინ, როდესაც ზელენსკი პირველად ვნახეთ, იგი შესაფერისად ჩაცმული, თავის ოფისში შეგვხვდა, ხოლო შემდეგ ჯერზე პიჯაკის ნაცვლად, დამცავი ჟილეტი ეცვა, მისი ქვეყანა კი, ომში იყო ჩაფლული". - თქვა მან.
ასევე, პენმა ისაუბრა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ ტრაგედიაზე, რომლებიც რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, პოლონეთის საზღვართან ნახა.
"ვხედავდი ოჯახებს, რომლებსაც ომი ანგრევდა - არავინ იყენებდა ხმოვან სიგნალს, არავინ ცდილობდა მეორესთვის გასწრებას, ისინი მშვიდად უძლებდნენ რეალობას". - დასძინა პენმა.
შონ პენის ახალი დოკუმენტი ფილმის, სუპერძალის პრემიერა 17 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალზე, ანუ ბერლინალეზე შედგა. რეჟისორმა ფილმი უკრაინაში გადაიღო და მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
ბერლინალეს აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტ რისენბეკის თქმით, უკრაინის ომი და საპროტესტო მოძრაობა ირანში კონფლიქტის ის ორი სფეროა, რომელიც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას წარმოაჩენს და წლევანდელი ფესტივალი ამ იდეებს მიეძღვნება.
ყოველწლიური ღონისძიება 16 თებერვალს დაიწყო და 26-ში დასრულდება.