რუსეთის ეკონომიკამ 2026 წლისთვის შესაძლოა, 190 მლრდ დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ექსპერტების პროგნოზით, მართალია, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსული ეკონომიკის კოლაფსი არ დამდგარა, მაგრამ ამჟამად რუსეთი „გადარჩენის რეჟიმზე“ გადადის. მისი ეკონომიკური შესაძლებლობები გასული წლის ბოლოს მკვეთრად შემცირდა, რაც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგია.
Bloomberg-ი ასევე წერს, რომ სანქცირების პროცესი არ დასრულებულა და რუსეთს სულ უფრო მეტი ახალი სანქცია უწესდება. ფედერაციაში ეკონომიკური მდგომარეობა იმიტომაც გართულდება, რომ ასობით ათასი კაცის მობილიზება „შრომის ბაზარს ანგრევს,“ მთავრობა კი სოციალურ პროგრამებზე ხარჯებს ზრდის. ამასთან, ნავთობის წარმოება მცირდება. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უცხოური კომპანიების, თითქმის, 6%-მა მთლიანად დატოვა რუსული ბაზარი. კომპანიების, დაახლოებით, 38%-მა რუსული ბაზრიდან გასვლა დააანონსა, ხოლო 16,1% ამ პროცესის მოლოდინის რეჟიმშია.
სანქციებზე ზედამხედველობის გლობალურ მონაცემთა ბაზის, Castellum-ის ცნობით, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან რუსეთის წინააღმდეგ 10 ათასზე მეტი, ხოლო 2014 წლიდან, ანუ ყირიმისა და დონბასის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციიდან დღემდე 13 ათასზე მეტი შეზღუდვა დაწესდა.
რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, რითიც მან ირანს, სირიასა და ჩრდილოეთ კორეას გადაუსწრო. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთხებული შტატების სანქციების ახალი პაკეტი რუსეთისთვის, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების წლისთავზე გამოცხადდება.