იტალიის თასს სენსაციური გამარჯვებული ჰყავს - ბრეშამ მეოთხედფინალში მილანს სძლია, ნახევარფინალში - პეზაროს, ფინალში კი თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას ანგარიშით 84:76 მოუგო და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტიტულის გარეშე დატოვა.
აღსანიშნავია, ბრეშა თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში მათი უპირატესობიდან მხოლოდ ერთი ქულა იყო.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, ვიდრე მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი დაამატა.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 13 იყო.
გარდა ამისა, ბოლონიელებს ვერც მარკო ბელინელის შედეგიანმა თამაშმა უშველა - ვეტერანმა კალათბურთელმა 23 წუთში 24 ქულა ჩააგდო.
ცნობისთვის, ვირტუსმა იტალიის თასის მეოთხედფინალში ვენეციას ანგარიშით 82:68 სძლია, ნახევარფინალში დერტონას ანგარიშით 90:65 მოუგო, ფინალში კი ფავორიტის სტატუსი ვეღარ გაამართლა.