მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდის, „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა.
ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა.
ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხიდან თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი საჭიროების ნივთები, მათ შორის საბნები და კარვები გაიგზავნება.
ფონდ „ნატვრის ხეს“ 20 თებერვლისთვის დაგეგმილი აქვს საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ეს მნიშვნელოვანი მიზანიც შეემატება. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილით, ჩვენ დაზარალებულ მოქალაქეებს გავუგზავნით ნივთებს, რომლებიც, ელჩის თქმით, მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის კარვები და საბნები. მათ მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც საქართველოში თურქეთის საელჩო, ასევე ჩვენი საელჩო თურქეთში.
„მე მჯერა ჩვენი გულმხურვალე ქართველების, რომლებიც ყოველთვის ერთიანდებიან კეთილი საქმისთვის და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება 20 თებერვალსაც, ჩვენმა თურქმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან ამ მძიმე დღეებში“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.
თურქეთის ელჩმა ნინო სურგულაძეს და ფონდ „ნატვრის ხეს“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს ამ ურთულეს დროს ქართველი ხალხისგან და ხელისუფლებისგან, რისთვისაც საქართველოს მადლობელია.