"ადიდასისთვის" 2022 წელი რთული აღმოჩნდა. ბალენსიაგასთან ჩაშლილი თანამშრომლობისა და თომ ბრაუნთან წაგებული საქმის გარდა, ბრენდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ქანიე ვესტთან ურთიერთობის შეწყვეტა და Yeezy-ს სნიკერების გაყიდვიდან ამოღება გახდა. გერმანული სპორტული სამოსის კომპანიამ გასულ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2023 წლის დანაკარგს 1.3 მილიარდ დოლარად აფასებენ. მათ აქვე აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ 535 მილიონი დოლარით დაეცემა ოპერაციული შემოსავალიც.
2022 წლის ოქტომბერში, ადიდასში ქანიე ვესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება რეპერის არაადეკვატური, ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მიიღეს. ადიდასმა ქანიეს ქცევას “მიუღებელი, სიძულვილისა და საფრთხის შემცველი” უწოდა.
ადიდასის CEO-მ, ბიორნ გულდენმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი “არ ოპერირებენ ისე, როგორც უნდა ოპერირებდნენ,” პარალელურად, ადიდასის აქციები 0.73%-ით დაეცა. “ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ადგილზე და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. ადიდასი ისევ გაბრწყინდება. ჩვენ უბრალოდ ცოტა მეტი დრო გვჭირდება.” – ამბობს გულდენი.