რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროპელმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში, საფრანგეთს რუსეთის დამარცხება სურს.
ზახაროვამ მაკრონი აღნიშნული კომენტარისთვის გაკიცხა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი.
“საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც სახელმწიფო დონეზე პატივს მიაგებენ, პარიზის ცენტრშია დასვენებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.
ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ”ზოგადად, მაკრონი ფასდაუდებელია” და დასძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ აჩვენა, რომ დასავლეთი ჩართულია რუსეთში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, მაშინ როცა მაკრონი რუსეთის ხელმძღვანელობასთან ცდილობს შეხვედრებს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა, რომ “საფრანგეთს სურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ არ სურს მისი განადგურება“.