შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას.
„ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ ხელმძღვანელებს, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა - თქვენ პასუხს აგებთ!“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია ამ კეთილშობილურ საქმეში“.