აქ ერთი საინტერესო ფაქტი უნდა შეგახსენოთ, 2019 წლიდან პატრიკ მაჰომესი გუნდს სამ Super Bowl-ამდე მისვლაში დაეხმარა და ორი მათგანი მოიგო კიდეც… ეს არც Adidas-ში დარჩენიათ ყურადღების მიღმა, ამიტომ მასთან ერთად კამპანიას Impossible Is Nothing აგრძელებენ. The Original Impossible ადიდასის მეხუთე პროექტია, რომელიც კრეატიულ სააგენტო Opinionated-თან ერთად შეიქმნა — 60-წამიანი ვიდეო მაჰომესის, როგორც ორგზის MVP-ს სტატუსს აღნიშნავს.
ძველი კადრებით, ადიდასის პატარა ფილმი ბავშვობაში გვაბრუნებს, ანუ იმ დროში, როცა ყველაფერი ნამდვილად შეუძლებლად გვეჩვენებოდა. ხოხვა, სიარული, ფეხზე დადგომა, ბურთით თამაში, ლობიოსა თუ ნაყინის ჭამა… ყველაფერს თუ ადრე მარცხი ახლდა თან, ზრდასრულობაში ეს უკვე ასე აღარ არის. ზრდასრულობა ხომ სწორედ იმ საკითხების დაძლევას ნიშნავს, რომლებიც მანამდე შეუძლებელი გვეგონა…
„ჩვენ ამაყები ვართ პატრიკთან პარტნიორობით, ყოველ ჯერზე, როცა ის მოედანზე გადის, გვაჩვენებს, რომ „შეუძლებელი არაფერია“, მისი ყურება დიდი სიამოვნებაა“, — აცხადებს რუპერ ქემფბელი, ადიდასის ჩრდილოეთ ამერიკის ფილიალის პრეზიდენტი.
დიახ, ფილმი მოიცავს ბავშვების კადრებს, რომლებიც ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ უნდა გააკეთოთ ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენ უკვე ჩვეულებრივ ამოცანად ვთვლით. აქვე, ნახავთ მაჰომესისა და მისი ქალიშვილის სტერლინგის კადრსაც…
„ეს ფილმი აცოცხლებს იდეას, რომ შეუძლებელი უხილავი ბარიერია, რომელიც იწყება და მთავრდება თქვენს თავში, როგორც ეს ადიდასის ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული ათლეტის დახმარებით არის ილუსტრირებული. ჩვენ ვულოცავთ მას Super Bowl-ში გამარჯვებას“, — ამბობს ქემფბელი.