გიფიქრიათ იმაზე, როდის დაიწყო ხეებსა და ადამიანებს შორის დაპირისპირება? აი, როცა გადავწყვიტეთ, რომ გასათბობად ერთადერთი არჩევანი ტყის გაჩეხა იყო.
ზუსტ პასუხს ამაზე ვერავინ გაგცემთ, რადგან არც არავის ახსოვს, როდის გაჩნდა ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. თუმცა, ვიცით, ამ ბზარის გამთელებას ვინ შეძლებს — დალი ცულაძე და მეომორი.
თუ ეს სახელები არ გეცნოთ, ალბათ ჯერ კიდევ არ გინახავთ პირველი ქართული მანგა, რომელიც ცოტა ხნის წინ დემოკრატიის ლაბორატორიამ გაეროს განვითარების პროგრამის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და ახალგაზრდული მედია პლატფორმის — imitom.ge-ის — საშუალებით გაუზიარა ფართო აუდიტორიას.
იაპონურ მოტივებზე შექმნილმა 3-წუთიანმა ანიმაციამ, რომელიც ადამიანებისა და ხეების საუკუნოვანი დაპირისპირების კულმინაციურ ეტაპზე მოგვითხრობს, უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა.
ამასთან, მანგამ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია — 2022 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ დააწესა ჯილდო, Digital Awards 2022, რომელიც სამ კატეგორიაში გაიცემოდა: საუკეთესო ფოტო, საუკეთესო კრეატიული ნამუშევარი, საუკეთესო ისტორია. კატეგორიაში საუკეთესო კრეატიული ნამუშევარი შესაძლებელი იყო ვიდეოების, კამპანიების და/ან ანიმაციების წარდგენა, ხოლო მათ წარმატებას ორიგინალურობა და კრეატიული მიდგომა განსაზღვრავდა. ანიმაციამ ტყე ჩემი მეგობარია ამ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა 100-ზე მეტ ქვეყანას შორის.
როგორ შეიქმნა პირველი ქართული მანგა და შემდეგ ამოძრავდა კიდეც, რა იყო მიზანი და ექნება თუ არა გაგრძელება დალისა და მეომორის ამბავს — ამ და სხვა შეკითხვებით თავად ანიმაციის შემქმნელებს მივმართეთ.
როგორც ალბათ ყველა დიდი იდეა, ეს ამბავიც სურვილით დაიწყო — შექმნილიყო პირველი ქართული ამოძრავებული მანგა. ეს სურვილი კი სრულიად ბუნებრივად გაჩნდა; შემქმნელები ამბობენ, გავლენა იაპონური კულტურისა და ანიმეების სიყვარულმა მოახდინაო — "როცა ხედავ, სადღაც ნარუტო, ვან ფისი, ჯუჯიცუ კაისენი იქმნება და შენც მთელ ამ ამბავთა მონაწილე ხარ, ძალაუნებურად გინდება, რაღაც მსგავსი შექმნა.
"თან, როცა რაღაცის შექმნის სურვილი არსებობს, მერე მოვლენები ისე უცნაურად დალაგდება ხოლმე, რომ თითქოს შანსი ეძლევა შენს იდეას, რეალობაში განხორციელდეს და თავის თავს მოჰყვეს".ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც — იდეის ხორცშესხმაში შემქმნელებს გაეროს განვითარების პროგრამა, იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული სატყეო სააგენტო დაეხმარნენ. მით უმეტეს, რომ ანიმაციაში წარმოსაჩენი საკითხი, გაუტყეურება, სამივე პარტნიორისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.
მოძრავი მანგას ფორმა კი, გარდა იმისა, რომ შემქმნელებისთვის საინტერესო იყო, სამუშაოდ მოსახერხებელიც გახლდათ. ამასთან, მანგა ხომ საქართველოში სიახლეა, რომლის მსგავსიც წინათ არაფერი შექმნილა.
რადგან შექმნაზე ვლაპარაკობთ, შემოქმედებით გუნდსაც გაგაცნობთ. იდეის ავტორი და კრეატიული დირექტორი Lasha D. Kotori გახლავთ, სცენარის ავტორი კი ნატო თავბერიძეა. პროექტის არტ-დირექტორისა და ანიმატორის როლი მაშო ბერიძემ შეასრულა, ილუსტრაციებზე დემე ონიანმა იმუშავა, მუსიკაზე კი — ნიკოლოზ ბოჯგუამ. პროექტის ლიდი თიკუნა გუჩუას ებარა.