უჩვეულო დღესასწაული - ზაზუნას დღე, რომელსაც კანადელები და ამერიკელები ტრადიციულად თებერვლის დასაწყისში აღნიშნავენ, დიდი ხანია გასცდა კონტინენტის საზღვრებს და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ზაზუნას დღე გერმანელმა პირველმოსახლეებმა დაამკვიდრეს, რომელთა მთავარი მეტეოროლოგი მაჩვი იყო. ოფიციალური სტატუსი დღესასწაულმა 1886 წელს შეიძინა, მის განვითარებას კი, პენსილვანიის შტატის ქალაქ პანქსატონის ზაზუნას კლუბის წევრებმა შეუწყვეს ხელი. სხვათა შორის, ანალოგიური ადათი უძველეს რომაელებსაც ჰქონდათ, თუმცა მათთვის პროგნოზს ზღარბი აკეთებდა.
წელს ზაზუნას დღე 2 თებერვალს აღინიშნა მეტეოროლოგი მღრღნელის პატივსაცემად მოწყობილი ფესტივალით. ცილინდრსა და სმოკინგში გამოწყობილი ჯენტლმენები ზაზუნას კლუბიდან, ადგილობრივებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად ეწვივნენ ინდაურის მთაზე დაბინავებულ ზაზუნას, რომელსაც „პანქსატონელი ფილი“ დაარქვეს და როგორც ამბობენ ყოველთვის ზუსტად წინასწარმეტყველებს გაზაფხულის დადგომას.
უძველესი ტრადიციის მიხედვით, თუ სოროდან გამომძვრალი ზაზუნა საკუთარ ჩრდილს ხედავს და დამფრთხალი ისევ სოროში ძვრება, მაშინ ზამთარი კიდევ ექვს კვირას გაგრძელდება, იმ შემთხვევაში კი, თუ ჩრდილის შემხედვარე მღრღნელი მშვიდად ტოვებს თავშესაფარს, მაშინ გაზაფხულის დადგომამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. აღსანიშნავია, რომ წელს ფილმა ყველას გული დაწყვიტა, რადგან მკაცრი ზამთრის გაგრძელება კიდევ ექვსი კვირით იწინასწარმეტყველა.
მართალია, ჰაროლდ რეიმსის ცოცხალი და ხალისიანი რომანტიკული კომედია, რომელმაც სწორედ ზაზუნას დღეზე მომხდარი უჩვეულო ისტორიით ურჩია მაყურებელს ცხოვრების მოფრთხილება და დროის სწორად გამოყენება, ცოტა გულუბრყვილო ზამთრის ზღაპრის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ფილმს უფრო ღრმა, ბევრად ფილოსოფიური შინაარსი აქვს, რადგან ე.წ. დროის ყულფში გაბმის თეორიას ჯერ კიდევ უძველესი ბუდისტი და ინდუისტი მოაზროვნეები იკვლევდნენ საკუთარ სწავლებაში.
ბევრისთვის „ზაზუნას დღე“ მხოლოდ ერთფეროვან რუტინულ ცხოვრებას აღწერს, რადგან ნებისმიერს ჰქონია პერიოდი, როცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე „დამუხრუჭებული“ თითქოს წრეზე ტრიალებს, განმეორებად მოქმედებას ასრულებს და საკუთარი თავიც ისევე სძულს, როგორც არსებული რეალობა. თუმცა, ყველაზე საზარელი მაინც გაცნობიერებაა, რომ ხვალაც, ერთი კვირის შემდეგაც იგივე განმეორდება და წრეზე სიარულის ციკლი არასდროს დასრულდება.რა თქმა უნდა, მრავალჯერ დუბლირებული ცხოვრება ფანტასტიკურ მოვლენად, მეტიც, წყევლადაც შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამგვარ ფენომენს განსხვავებული ახსნაც აქვს, რადგან სინამდვილეში, ის ადამიანის რუტინული ცხოვრების მეტამორფოზაა. ფილმის არსს თავად მთავარი პერსონაჟი გადმოსცემს - ფილ კონორსი არა ახალგაზრდა ყმაწვილი, არამედ ზრდასრული, ცხოვრებითა და საკუთარი თავით მოქანცული კაცია, რომელმაც ყველა რესურსი ამოწურა და იძულებით ასრულებს გვარიანად მობეზრებულ, უინტერესო სამუშაოს.
დროის ყულფში გაბმული კონორსი ჯერ იბნევა, თუმცა ეტაპობრივად ეჩვევა ახალ რეალობას და სარგებლობს კიდეც უპირატესობით - არაჩვეულებრივად ერთობა მომხიბვლელ ქალბატონთან, მოურიდებლად ისაკუთრებს ინკასატორის ფულით სავსე ტომრებს და მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან, რადგან იცის, რომ პასუხი არაფერზე მოეთხოვება, თუმცა, ფილს სწრაფად ჰბეზრდება უპასუხისმგებლობა, თავაშვებული ცხოვრება და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოსდის, რადგან ისევ ზაზუნას დღე ანუ დუბლირებული ცხოვრება გრძელდება და სწორედ მაშინ ხვდება, რომ არა ცხოვრების, არამედ საკუთარი თავისა და ფასეულობების შეცვლაა საჭირო, რადგან სამყარო მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება თუ ადამიანი აღიქვამს მას განსხვავებულად.
ცინიკოსმა კონორსმა, რომელიც ეგოისტური მიზნებით ცხოვრობდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა, სწორედ დროის ყულფში გაბმის შემდეგ აღმოაჩინა გარემომცველი სამყარო, სხვა ადამიანებით დაინტერესდა და გულწრფელად გაუჩნდა მათი დახმარების სურვილი. სრულად განავითარა ფილმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობებიც, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი იცოდა, პროდიუსერის - რიტას მიმართ კი, რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება და თავისდა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სწორედ რიტა იყო ის ქალი, რომელიც სინამდვილეში უყვარდა. ერთი სიტყვით, კონორსმა მხოლოდ მაშინ შეძლო დროის ყულფიდან თავისუფლდება როცა საკუთარი თავი, სურვილები გადააფასა და ადამიანების მიმართ მოთხოვნები შეცვალა.
რა თქმა უნდა, ფილმის ნახვისას ბევრი გააიგივებს საკუთარ თავს მთავარ გმირთან, რადგან უამრავ ადამიანს სძულს საკუთარი სამუშაო და ყოველდღე იძულებით აკეთებს იმ საქმეს, რომელსაც არც სარგებელი მოაქვს, არც სიამოვნება. სახლიდან სამსახურში გაურბის მომქანცველ რუტინას, თუმცა ვერც სამსახურში პოულობს შვებას და ისევ სახლში ბრუნდება, იშვიათად ახერხებს ერთფეროვნებისგან თავის დაღწევას, სრულფასოვანი ცხოვრების გემოს გაგებას და სწორედ ის წამიერი ემოცია, მოკლე ბედნიერება იქცევა ერთადერთ გადარჩენად.
თუმცა, ფილისგან განსხვავებით, რომელსაც არ ფინანსური ვალდებულებები ზღუდავს, არც პროფესიული პერსპექტივების სიმცირე, თანამედროვე ობივატელს ძალიან უჭირს საძულველ სამსახურზე უარის თქმა, რადიკალური ეგოიზმისგან გათავისუფლება და მეტი გულწრფელობის გამოჩენა, რადგან საკუთარ თავსა და გარშემომყოფებთან შეჯიბრში ჩაბმულს უმნიშვნელო დათმობაც წარმოუდგენლად ეჩვენება. რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთური რუტინიდან თავის დაღწევის ფილისეული რეცეპტი სწორი და გამართლებულია, მაგრამ მისი გამოყენება ყველას არ შეუძლია, რადგან გარისკვასა და რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, ბევრი ისევ მტანჯველი, თუმცა ჩვეული ცხოვრების წესით ცხოვრებას ამჯობინებს.
რემისის მტკიცებით, მთავარი გმირი 34-ჯერ ხვდება დროის ყულფში ანუ მთელი 10 წელი ცხოვრობს ერთი და იმავე დღით სანამ უჩვეულო ხაფანგიდან მოახერხებს თავის დაღწევას. მართალია, პირვანდელი ჩანაფიქრით კონორსი იმ მეგობარი ქალის წყალობით იქცა „დროის ტუსაღად“, რომელიც დაუფიქრებლად მიატოვა, განაწყენებულმა ქალბატონმა კი, ასევე დაუფიქრებლად დაწყევლა, მაგრამ სცენარის დამუშავებისას რემისს ნაკლებად მიმზიდველად მოეჩვენა მსგავსი ვერსია და ტელემეტეოროლოგი საკუთარი შეცდომების მსხვერპლად აქცია.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღება რეჟისორს ფრიდრიჰ ნიცშეს "მხიარულმა მეცნიერებამ" შთააგონა, რომლის მთავარი პერსონაჟი წლების მანძილზე ცხოვრობდა ერთი და იგივე დღით, დრამატურგი დენი რუბინი კი, სცენარზე მუშაობისას ენნი რაისის რომანს "ინტერვიუს ვამპირთან" კითხულობდა და შესაძლოა, სწორედ განსხვავებული პერსონაჟების გავლენით შეიქმნა ფილ კონორსის მეტად არაორდინალური - ერთის მხრივ, ფილოსოფიური, მეორეს მხრივ, მისტიკური სახე.
რემისის „ზაზუნას დღის“ ერთგვარ პლაგიატად იქცა ჯეკ შელდონის ფანტასტიკური ფილმი "12:01 PM", რომელიც რიჩარდ ლუპოფის მოთხრობის მოტივებზე შეიქნა. მართალია, შელდონის ფილმი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანზე, მაგრამ მაინც სერიოზული სკანდალი გამოიწვია. მეტიც, ორივე ფილმის ავტორს სასამართლოში მოუწია დავის გადატანა, პროცესი კი, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა, საბოლოოდ ისევ რემისის გამარჯვებით დასრულდა.
მართალია, დღეს „ზაზუნას დღე“ წარმოუდგენელია ბილ მიურეისა და მისი საფირმო ირონიის გარეშე, მაგრამ ფილმის პროდიუსერს ტრევორ ალბერტს მხოლოდ ტომ ჰენქსის მიწვევა სურდა, ამიტომ რუბინს მასზე მორგებით სთხოვა სცენარის დაწერა, თუმცა ჰენქსი, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ჰოლივუდის „მთავარი რომანტიკოსის“ სტატუსით სარგებლობდა, თავად რემისმა დაიწუნა, რადგან ჩათვალა, რომ ცინიკოსი და კაპრიზული, მუდამ უკმაყოფილო ტელემეტეოროლოგი ბევრად გამოცდილ კომიკოსს უნდა განესახიერებინა. არჩევანი რეჟისორმა ბილ მიურეიზე შეაჩერა, ვისთანაც არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ექვს პროექტზე თანამშრომლობა აკავშირებდა.
საინტერესო როლის მიუხედავად, მიურეიმ ნაკლები ენთუზიაზმით მიიღო შეთავაზება, რადგან გადაღებები მეუღლესთან განქორწინების მძიმე პროცესს დაემთხვა. მსახიობი უხალისოდ შეუდგა მუშაობას და რემისსაც სწრაფად გაუფუჭა განწყობა, რადგან გამუდმებით ურეკავდა და უცნაური შეკითხვებით აბეზრებდა თავს. მეტიც, დაბნეული და დათრგუნული მსახიობი არა მხოლოდ ყოველი ეპიზოდის დეტალურად ახსნას, არამედ მისი პერსონაჟის სურვილებისა და მოტივების განმარტებასაც დაჟინებით მოითხოვდა, რამაც რეჟისორს საბოლოოდ დააკარგვინა მოთმინება. რემისმა მწარედ ინანა საკუთარი არჩევანი, რაც მიურეისაც პირდაპირ განუცხადა. როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი პირდაპირობა გახდა მიურეის განაწყენების მიზეზი, რომელიც დიდი ხნით გაებუტა ძველ მეგობარს.
შემოქმედებით ჯგუფთან მუდმივი უთანხმოების შემდეგ მიურეის პარტნიორ ზაზუნასთანაც ძალიან გაუჭირდა საერთო ენის გამონახვა. მართალია, მსახიობი რამდენჯერმე ემსხვერპლა მის ბასრ კბილებს, მაგრამ მაინც უარი თქვა გადაღებების გადადებაზე, გმირულად გაუძლო პატარა მღრღნელის ყველა შემოტევას და აუტანელ ტკივილის მიუხედავად გააგრძელა მუშაობა.
მართალია, სიუჟეტის მიხედვით ფილმის მოქმედება პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ პანქსატონში ვითარდება, მაგრამ სინამდვილეში ფილმი ილინოისში, ქალაქ ვუდსტოკშია გადაღებული. სხვათა შორის, ერთი წლით ადრე რემისი და მიურეი თავად ესტუმრნენ ზაზუნა ფილს მშობლიურ ქალაქში და მისი მეტეოროლოგიური წინასწარმეტყველებაც საკუთარი თვალით იხილეს. აღსანიშნავია, რომ წყლის გუბე, რომელშიც მუდმივად ვარდება კონორსი, დღეს ვუდსტოკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა თავისი მემორიალური დაფითა და წარწერით "აქ ბილ მიურეიმ დადგა ფეხი".
მართალია, ფორტეპიანოზე დაკვრის სცენაში მიურეი თავად ასრულებს რახმანინოვის ცნობილ ნაწარმოებს, მაგრამ მსახიობს არც მუსიკალური განათლება აქვს, არც ნოტების ცნობა იცის, თუმცა, ბრწყინვალე სმენის პატრონს მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდა მეტად რთული „რაფსოდიის“ შესასწავლად.
ხალისიანი სიმღერა Weatherman, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს, თავად რემისმა შექმნა კომპოზიტორ ჯორჯ ფენტონთან ერთად, პოპულარული კომპოზიციას I Got You Babe კი, რომელიც ერთგვარი ავისმომასწავებელი ნიშანია, რადგან სწორედ ის სიმბოლიზირებს დროის ყულფის მორიგ კოშმარულ დღეს, სონის და შერის ცნობილი დუეტი ასრულებს. სხვათა შორის, ძალიან რთული აღმოჩნდა მაღვიძარას „გაჩუმება“, მიურეიმ დიდხანს ვერ შეძლო მისი დამტვრევა და მხოლოდ ოპერატორმა ჯონ ბეილიმ იმარჯვა, როცა ჩაქუჩით გაუსწორადა საათს.
რემისის კომედიამ, რომლის შემოსავალმა 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა, პუბლიკასთან ერთად კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. პრესამ პირველ რიგში ორიგინალური სცენარი და ფილოსოფიური ქვეტექსტი აღნიშნა, თუმცა არ დაივიწყა არც მიურეისა და მისი კოლეგების ბრწყინვალე თამაში.
აღსანიშნავია, რომ 1993 წლის 12 თებერვალს შემდგარი პრემიერის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ზაზუნა ფილის მიმართ და თუ მანამდე პანქსატონის მოსახლეობა მხოლოდ 6 ათას მოსახლეს შეადგენდა, ერთი წლის შემდეგ მოსახლეობასთან ერთად სტუმრების რიცხვიც ერთი-ორად გაიზარდა.
ამასთანავე, ფილმი იმდენად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოთქმა "ზაზუნას დღეც" კი დამკვიდრდა, რაც მონოტონურ ცხოვრებას, მომქანცველ რუტინასა და განმეორებად მოვლენებს ნიშნავს.